“მივცემთ უფლებას, მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ მათი დამოკიდებულება” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ 1 წლის წინანდელი მოვლენების გამო პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება სწორედ “ქართული ოცნების” მონაპოვარია. 

“ჩვენ მათ მივცემთ უფლებას მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ მათი დამოკიდებულება. ეს არის ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ჩვენი გუნდის მონაპოვარი, ამიტომ, ჩვენ მათგან განსხვავებით, როდესაც ისინი ხალხს არბევდნენ, ამის უფლების რეალიზების სრულ შესაძლებლობას მივცემთ და დავიცავთ მათ უფლებებს. იმედია, ისინი დარჩებიან იმ გამოხატვის ფორმაში, რაც არის აპრობირებული დემოკრატიული საზოგადოებისთვის: მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში აზრის გამოხატვა,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

2019 წლის ივნისის მოვლენებიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე ისევ აქციას აანონსებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

მოქალაქეთა პროტესტი გამოიწვია რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლამ. რუსმა დეპუტატმა, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია  რუსულ ენაზე წაიყვანა.

მსგავსი თემები