„ნიღბის ტარება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მძლავრი იარაღი, რომ პანდემიამ არ მოგვაყენოს ზიანი „ – დიმიტრი ხუნდაძე

  •  

„ნიღბის ტარება რა თქმა უნდა, სავალდებულო უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს არის არა დიმიტრი ხუნდაძის ან ანრი ოხანაშვილის, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მძლავრი იარაღი, რომ პანდემიამ არ მიაყენოს იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე ეს შესაძლებელია თეორიულადაც და პრაქტიკულადაც“,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

დიმიტრი ხუნდაძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და კანონპროექტის ირგვლივ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, გაფრთხილების გამოყენების ადმინისტრირება რთულია და თანაც, პირბადის ტარების ვალდებულება რთულად შესასრულებელი არ არის.

“თუ ეს ვინმესთვის ფინანსურად არის რთული, მთავრობამ უკვე გააკეთა განცხადება, შესაბამისი უწყებები ამაზე მუშაობენ და ეს იქნება ძალიან სწრაფად, რომ იმ პირებს, ვისაც არ ექნებათ ფინანსური საშუალება და მათთვის ეს იქნება ტვირთი, მათ მიეცემათ ნიღბები ყოველგვარი ფინანსური დანახარჯების გარეშე“,- განმარტა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საჯარიმო სანქციის ოდენობით, რომელიც 20 ლარს შეადგენს, მიზნის მიღწევა შესაძლებელია. ამასთან, დიმიტრი ხუნდაძემ იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება ყოველგვარი ჯარიმის გარეშე გააგრძელებს როგორც საკუთარი, ასევე, სხვისი ჯანმრთელობის დაცვას. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ისინი დაჯარიმებას არ დაექვემდებარებიან, თუმცა, სწორედ ასეთი პირები უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და მოერიდონ ისეთ სივრცეებს, სადაც ინფექციის გავრცელების მაღალი რისკია.

ვადასთან დაკავშირებით საუბრისას, დიმიტრი ხუნდაძემ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქმე გვაქვს პანდემიასთან.

„ ნებისმიერი ეს რეგულაცია შემოგვაქვს პანდემიის რეჟიმში და ეს ვადა დადგენილია პანდემიის რეჟიმით. მოხარული ვიქნები, რომ ეს ვადა უფრო ადრე იყოს, ვიდრე, თუნდაც, 15 ივლისი, მაგრამ ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ მთლიანად, საზოგადოების ქცევაზეც და ვფიქრობ, რომ ეს რეკომენდაციები, ვალდებულებები, საჯარიმო სანქციები არის საშუალება იმისა, რომ ნაკლები ზიანი მიიღონ მოქალაქეებმა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ –  ჩვენ გვაქვს პანდემიასთან საქმე და რისკები მაინც რჩება. მაგრამ ეს რისკები იქნება მინიმალური, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ ამას არ შევასრულებთ. რა თქმა უნდა, ყველაზე უნდა გავრცელდეს და ყველა იმ სივრცეზე, სადაც ასეთი რისკი არსებობს“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.​

მსგავსი თემები