სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები თბილისის გენგეგმის პროექტს გაეცნენ

  •  

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გააცნო. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას 50-მდე ორგანიზაციის, მათ შორის, მენაშენეთა ასოციაციის 35 წევრი და არაწევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

​​შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისის მერს საკუთარი მოსაზრებები წერილობით წარუდგინეს.

როგორც შეხვედრაზე მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა,  არსებობს ბევრი პრობლემა, მაგრამ მათთვის მთავარია, რომ ტენდენცია უკეთესობისკენ მიდის.

სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, ასევე, მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და მაია ბითაძე ესწრებოდნენ.

მაიას ბითაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია მუდმივად ღია და გამჭვირვალე იქნება და ყველა იმ სამართლიან შენიშვნას მიიღებს, რომელიც შესაძლოა, სერვისების მიწოდების ნაწილში არსებობდეს.

„სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თბილისის მერმა გენერალური გეგმის პროექტი წარადგინა. განვიხილეთ ასევე, ის ძირითადი გამოწვევები, რაც ქალაქის განვითარების მიმართულებით არსებობს. სამომავლო ღონისძიებები ერთობლივად დავგეგმეთ, მათ შორის, კანონმდებლობის ფორმირებისა და სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით. მერია მუდმივად ღია და გამჭვირვალე იქნება – მიიღებს ყველა იმ სამართლიან შენიშვნას, რომელიც სერვისების მიწოდების ნაწილში შეიძლება არსებობდეს. შევჯერდით, რომ გენერალური გეგმა, რომელიც თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, ის ფუძემდებლური დოკუმენტი იქნება, რომლის სწორი გამოყენება ქალაქის განვითარების წინაპირობა უნდა იყოს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

 

მსგავსი თემები