80 მლნ აშშ დოლარი „კოვიდ-19“-თან საბრძოლველად – მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

  •  

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „კოვიდ-19“-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტით საქართველოსთვის 80 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ. 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, როგორც ონლაინშეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური პაკეტი საქართველოს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარება. კერძოდ, გამოყოფილი სახსრებით მოხდება ვირუსთან საბრძოლველად საჭირო სამედიცინო ტექნიკის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პირადი დაცვის აღჭურვილობის, სუნთქვის აპარატების, ფილტვის სავენტილაციო მოწყობილობების, ჟანგბადის დანადგარებისა და ტესტირების კომპლექტების დაფინანსების მხარდაჭერა.

ამასთან ერთად, პროექტი ითვალისწინებს კორონავირუსით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით.

მსოფლიო ბანკი ასევე თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთანთან და თანადაფინანსების ხელშეკრულებით საქართველოსთვის დამატებით 100 მლნ. აშშ დოლარის მოსაზიდად.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკთან დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია სამი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკისთვის მოიზიდა.

დოკუმენტს ონლაინრეჟიმში ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა. 

მსგავსი თემები