პარლამენტი ინტერნეტ – საფრთხეებისგან დამცავი კანონპროექტის განხილვას იწყებს

კანონპროექტის განხილვა, რომელმაც არასარულწლოვნები ინტერნეტისგან მომავალი საფრთხეებისგან უნდა დაიცვას, საპარლამენტო კომიტეტებში დღეს იწყება.  საქართველოს პარლამენტის წევრის დიმიტრი ხუნდაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განიხილავენ.

როგორც კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ხუნდაძე „მთავართან“ საუბრისას აცხადებს,

კანონპროექტის მომზადება განაპირობა ინტერნეტ-სივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობამ ონლაინ რისკებისაგან, როგორიც არის: 1)კონტენტისა და კონტაქტის რისკები (პორნოგრაფია, „კიბერგრუმინგი“ – ინტერნეტის მეშვეობით ბავშვის ნდობის მოპოვება მისი შემდგომი გამოყენების მიზნით, დაშინება ინტერნეტით); 2) სამომხმარებლო რისკები, ისეთი როგორიც არის ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები; და 3)პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, კერძოდ, პერსონალური მონაცემების უცხო პირების მიერ მოპოვება; და ამ სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება.

„ბავშვები განსაკუთრებულად დაუცველნი არიან ინტერნეტსივრცეში, ვინაიდან ისინი ჯერ კიდევ იმყოფებიან განვითარებისა და შესწავლის სტადიაში, შედეგად შესაძლო რისკების  იდენტიფიცირების, შეფასებისა და კონტროლის ნაკლები შესაძლებლობა. კანონპროექტის მიზანია ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნა, მშობლების, მეურვეების და მოზარდების ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით, რომ ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების ყველა სპექტრისა და შესაძლებლობების გამოყენებას. ვინაიდან ბავშვებისათვის ონლაინ რისკების შეფასებასა და  შემცირებაში უპირატესი როლი აკისრია მშობელს, ხოლო სხვა დაინტერესებული მხარეები ეხმარებიან და აძლიერებენ მშობლის შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების ვალდებულება არასრულწლოვანთა ონლაინ რისკებისგან დაცვისათვის“ – აცხადებს კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი დიმიტრი ხუნდაძე „მთავართან“ საუბრისას.

კანონპროექტის მიხედვით: „კანონპროექტის ძირითადი არსია, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან ეფექტიანი დაცვის ხელშეწყობა, კერძოდ, ინტერნეტ მომხმარებელთა სათანადო ინფორმირების უზრუნველყოფა ონლაინ საფრთხეებისგან არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მექანიზმების თაობაზე.   მომხმარებელს უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს ინფორმაცია არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვისთვის საჭირო საშუალებების შესახებ, შესაბამისად, წინამდებარე ცვლილებების შედეგად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვისთვის საჭირო საშუალებების შესახებ ინფორმაციით.“

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დღეს 11:30-საათზე გაიმართება.

 

მსგავსი თემები