საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პარლამენტი 22 აპრილს იმსჯელებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს დაამტკიცებს. მისივე განმარტებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედება წყვეტას არ განიცდის და მისი გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მაშინვე შევა ძალაში, როგორც კი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი შესაბამის ბრძანებას ხელს მოაწერენ.

„ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ შიდა გავრცელების საფრთხე რეალობაა და ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, კოვიდ19-ით დაავადებულთა რიცხვი მზარდია. შესაბამისად, ლოგიკურია და სრული პასუხისმგებლობით საჭიროა, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს. პრეზიდენტი და პრემიერი ერთად გამოაცხადებენ საგანგებო მდგომაორებას და პარლამენტი, სავარადუდოდ, 22 აპრილს დაამტკიცებს. ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას და ვიღებთ პასუხისმგებლობას. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური სპეკულირებით არის დაკავებული, როდესაც ამ საკითხს ეკონომიკურ პროგრამას უკავშირებენ. თავად ძალიან კარგად ხედავენ, რომ მთავრობა ეფექტურად მოქმედებს ეკონომიკური პრობლემების მიმართულებით, 3 მილიარდი დოლარი უკვე მობილიზებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რაც მიზნობრივად მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და ასევე სოციალური მიმართულებით დაიხარჯება.

მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ უკვე აქამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა წყვეტას არ განიცდის, როგორც კი პრეზიდენტი და პრემიერი ხელს მოაწერენ ამ ბრძანებას, ის დაუყონებლივ შედის ძალაში და პირდაპირ გრძელდება საგანგებო მდგომარეობა. ამიტომ ვინმეს არ ეგონოს, რომ წყვეტა მოხდება და საკუთარი უფლებები აღუდგებათ,“ – აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი.

მსგავსი თემები