ბოლნისში, სწრაფი ტესტით კორონავირუსი ფეხმძიმეს დაუდასტურდა

  •  

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილ, 24-25 კვირის ორსულს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ლალი ტურძელაძე აცხადებს, ორსულის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

„ამ წუთში ვესაუბრებოდი ბოლნისიდან გადმოყვანილი ორსული ქალის მკურნალ ექიმს, სამეანო განყოფილების გამგეს, რომელმაც მითხრა, რომ პაციენტი ძალიან საყურადღებოა, არის 24-25 კვირის ორსული. ამ წამს შემოვიდა და ჯერ გამოკვლევები არ არის ჩატარებული. მას აღენიშნება ტემპერატურა.

სწრაფი ტესტებით დადგინდა, რომ პაციენტს აქვს კორონავირუსი და ახლა ჩვენ მას აუცილებლად გადავამოწმებთ ლუგარის ლაბორატორიაში,“ – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ პაციენტთან ენის ბარიერია, რის გამოც კონტაქტების ისტორიის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა.

„ცოტა ენის ბარიერია, ვერ საუბრობს პაციენტი ქართულად, აზერბაიჯანელია და ჩვენ გადავლახავთ ამ ბარიერს და ყველაფერს გამოვკითხავთ. უბრალოდ ცოტა დრო გვჭირდება. ეპიდემიოლოგები უკვე იმუშავებენ ამ თემაზე და დავადგენთ კონტაქტის კონტაქტს და თუ რამე შეძლება, რომ დადგინდეს, დავადგენთ,“ – განაცხადა ლალი ტურძელაძემ „მთავართან“ საუბრისას.

ექიმის განცხადებით, მისი ინფორმაციით, ეს საქართველოში კორონავირუსით ორსულის დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.

მსგავსი თემები