საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს შეხვდა

მინისტრების შეხვედრა ქ. ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს როგორც გაეროს, ასევე სხვა საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა.

ფინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დადებითი შეფასება მისცა საქართველოს პროგრესს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, განხორციელებულ რეფორმებს და საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ფინეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ფინეთის აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ-თავდასხმის თაობაზე გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებისთვის.

დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის გააქტიურებულ ორმხრივ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა ჰელსინკიში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე საქართველოს, როგორც წლის საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად დასახელება. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოსა და ფინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

მსგავსი თემები