„ოპოზიციის პრინციპით – ჯერ გადავაგდოთ და მერე ვნახოთ რა იქნება, არაფერი გამოვა, ზიზღით მხარდაჭერას ვერ მოიპოვებ“ – ბექა ნაცვლიშვილი

“როცა შენი მთავარი სათქმელი ის არის, რომ უბრალოდ, „ქართული ოცნება“ გეზიზღება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველი შენ მხარს დაგიჭერს. ოპოზიცია არ ცდილობს, მოსახლეობას რაღაც შესთავაზოს. იგივე წრეზე ვტრიალებთ – ვიღაცის გადაგდება“ ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, პრინციპით – მოდი ჯერ გადავაგდოთ და მერე ვნახოთ რა იქნება, არაფერი გამოვა.   

„ერთ-ერთმა სუბიექტმა, სრულიად სამართლიანად, დააყენა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული მიდგომებით, „ქართული ოცნების’’ დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა. მეც ვეთანხმები ამ სუბიექტს. გამომდინარე იქიდან, რომ თუ შენ პოზიტიურ ალტერნატივას არ შესთავაზებ საზოგადოებას, ასე შენ „ქართულ ოცნებას“ ვერ დაამარცხებ. როდესაც აქცია ჩავატარე ფილარმონიასთან, ჩვენი მოთხოვნა იყო შემდეგი: გვინდა პროპორციული არჩევნები იმისთვის, რომ გვქონდეს უკეთესი საბინაო პოლიტიკა, უკეთესი ხელფასები, უკეთესი საპენსიო სისტემა, უკეთესი სამუშაო ადგილები, ადამიანები არ გარბოდნენ ამ ქვეყნიდან და წარმოვადგინეთ ეს როგორ უნდა გაკეთებულიყო. ეს თუ ადამიანებს არ დაანახე, უბრალოდ რომ „ქართული ოცნება“ გეზიზღება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველი შენ მხარს დაგიჭერს. ოპოზიცია არ ცდილობს ამის დანახვას. იგივე წრეზე ვტრიალებთ – ვიღაცის გადაგდება. მთავარი საკითხი დგება ასე – მოდი ჯერ გადავაგდოთ ვიღაცა და შემდეგ ვიმსჯელოთ როგორ იქნება. ამაზე აღარავინ არ მოდის“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკსონფერენციაზე.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.


მსგავსი თემები