“ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ მთელ ოპოზიციურ სპექტრთან მოსალაპარაკებლად ყველა გზა დაწვა” – ჭიჭინაძე უგულავას დაკავებაზე

“გუშინ ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ მთელ ოპოზიციურ სპექტრთან მოსალაპარაკებლად ყველა გზა დაწვა”, – ასე ეხმაურება  პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ამოვარდნილია მიღებული თამაშის წესებიდან, რასაც დასავლეთი ამკვიდრებს.

“თვითონ ფაქტი იმდენად ამოვარდნილია იმ მიღებული თამაშის წესებიდან, რასაც დასავლეთი პრაქტიკულად ამკვიდრებს ყველა თავის პარტნიორ ქვეყანაში, რომ რეალურად გამოიწვია სერიოზული გაღიზიანება. მითუმეტეს, თალაკვაძისა და ზალკალიანის ვიზიტის ფონზე, სადაც მეტ-ნაკლებად დაპირებებიც გაიცა და მეგობრობაზეც იყო საუბარი.

ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 24 საათიც კი არ შეასრულა თავისი დაპირებები. დარწმუნებული ვარ, თალაკვაძეც და ზალკალიანიც ჰპირდებოდნენ, რომ გარკვეულ კომპრომისს მოძებნიდნენ ოპოზიციასთან. მაგრამ, გუშინ ამ ნაბიჯით „ოცნებამ“ დაწვა ყველა გზა მთელ ოპოზიციურ სპექტრთან მოსალაპარაკებლად. რადგან, რეალურად დამნაშავე ადამიანსაც კი, როდესაც ასე ექცევიან, ყველა მეტ-ნაკლებად სოლიდარობას უცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ სამართალი უნდა იყოს სამართლიანად დამდგარი და არა უსამართლოდ. იმიტომ ჰქვია სამართალი და ახლა კი, ყველას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ რაღაც გარიგების შედეგად იყო უგულავა გამოშვებული, „გარიგება“ დაარღვია და იმიტომ „დასაჯეს“. მე ვთვლი, რომ ასე მანიპულირება დამნაშავეებთანაც არ შეიძლება. არავის აქვს უფლება, კულუარულად, გარიგდეს და მერე თუ ვიღაცა მას დააზიანებს, შესაბამისად ისევ ანგარიში გაუსწოროს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პრობლემა, ხალხზე და ქვეყანაზე კი არ არის ჩვენი ხელისუფლება ორიენტირებული, არამედ თავის ინტერესებზე”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები