“სკოლებში უფრო კონტროლზე ორიენტირებული სისტემის შექმნა ხდება, ვიდრე ღირებულებებსა და მხარდაჭერაზე” – განათლების მკვლევარი

  •  

განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპული მოზარდის გამო და აღნიშნავს, რომ მსგავსი საკითხების განხილვა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში არ იქნება ეფექტიანი. აღნიშნულის შესახებ რევაზ აფხაზავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კონკრეტული ქეისების სიღრმისეული შესწავლა, პრობლემის ანალიზი და მისი გადაჭრის გზების ძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი:

„გარდა იმ გამოძიებისა, რომელიც სამართლებრივ ჭრილში უნდა მიმდინარეობდეს, ასეთი ტიპის შემთხვევების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური შესწავლა მეორე უმთავრესი მხარეა, რაც მნიშვნელოვანად უწყობს ხელს შემდგომში ასეთი უბედურებების პრევენციას და თავიდან აცილებას. ჩვენ გვქონდა ასეთი მოწოდებები ადრეც, როდესაც ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა, რომ სკოლებში მოხდარიყო სიღრმისეული შესწავლა იქ არსებული კლიმატისა და შიდასასკოლო კულტურის, მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობების, მშობლების ჩართულობის და ის სოციალურ-პედაგოგიური ფაქტორები დადგენილიყო, რომელიც ხელს უწყობს ასეთი ტიპის ტრაგიკული ამბების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. კონკრეტული ქეისების სიღრმისეული შესწავლა, პრობლემის ანალიზი და მისი გადაჭრის გზების ძიება, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ, რომ ხშირად შესაძლებელია ამ გადაჭრის გზების განზოგადება, სხვა შემთხვევებშიც გამოყენება და პრევენცია,“ – აცხადებს განათლების სპეციალისტი.

მისივე განმარტებით, საგანმანათლებლო სისტემა უფრო მეტად კონტროლზეა ორიენტირებული, ვიდრე ღირებულებებსა და მოზარდის მხარდაჭერაზე:

უფრო რეაგირებაზე და კონტროლზე ორიენტირებული სისტემის შექმნა ხდება, ვიდრე ღირებულებებსა და მხარდაჭერაზე აგებული.

„თუ სკოლაში მიმდინარე პროცესები, შიდასასკოლო კულტურა, ის პრობლემები, რაც სკოლაშია, სიღრმისეულად არ იქნა შესწავლილი, და თუ არ იქნა ამ ყველაფერზე ჯგუფის მიერ დადებული კვალიფიციური დასკვნა, ასეთი აქტივობებისა და კომპლექსური მიდგომის გარეშე, ჩემი აზრით, მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მსგავსი საკითხების განხილვა, არის არაეფექტიანი, რადგან ეს არ არის საკმარისი პირობა სიტუაციის გამოსასწორებლად.  დღეს უფრო რეაგირებაზე და კონტროლზე ორიენტირებული სისტემის შექმნა ხდება, ვიდრე ღირებულებებსა და მხარდაჭერაზე აგებული, რაც უნდა შეიცვალოს,“- განაცხადა რევაზ აფხაზავამ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები