„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებამდე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ “ევროპული საქართველოს” წევრები, მათ შორის ელენე ხოშტარია, მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლები და მოქალაქეები. ისინი სასტვენებით, მეგაფონებითა და საყვირებით აპროტესტებენ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნას.

ცოტა ხნის წინ მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეები უმრავლესობის დეპუტატ ლერი ხაბელოვს დაუპირისპირდნენ, რომელიც ოფისში შედიოდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორიაზე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

უმრავლესობის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ინიციატივის პარლამენტში ჩავარდნის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

მსგავსი თემები