ფოთის ყოფილი მერისა და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის ინტერესების დამცელი ედიშერ ქარჩავა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას პოლიტიკურ პროცესებთან აკავშირებს და ამბობს, რომ ის მმართველ გუნდში პოლიტიკურ დაპირისპირებებს შეეწირა. აღნიშნული განცხადება ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.
„გაუგებარია, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ირაკლი კაკულიას დაკავება. ის საღამოს იქნა დაკავებული, თითქოს, მან მიითვისა და გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი თანხები და ზიანი მიაყენა სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. ესა არის სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდება. ირაკლიმ გარკვევით მითხრა, რომ ის კომპანია, რომელსაც ტენდერში გაამარჯვებინეს არ იყო მასთან ასოცირებული და დაკავშირებული კომპანია. მთლიანად, სამუშაოებში 4 მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა და ამ თანხიდან, იმ კონკრეტულმა კომპანიამ, რომლის სახელიცაა „პირამიდა,“ ბოლომდე არ შეასრულა 400 ათასი ლარის სამუშაო. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის და ყოფილი გამგებლის დაკავება სრულიად დაუსაბუთებლად მიმაჩნია. თუ კომპანიას არ ჰქონდა ბოლომდე სამუშაოები შესრულებული, როგორც სამართლებრივი, ასევე ყველანაირი ბერკეტი არსებობდა, რომ ამ კომპანიისთვის უბრალოდ მიეთითებინათ და ეთქვათ, რომ სამუშაოები მიეყვანა ბოლომდე“ – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ „მედიაცენტრ მთავარში“.
ადვოკატმა დაკავების პოლიტიკურ მოტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ამ შეცდომას არ გამოასწორებენ, დაკავებული საკრებულოს თავმჯდომარე უფრო კონკრეტულად ალაპარაკდება.
„ირაკლი კაკულიას მხრიდან თანხის გაფლანგვა სრულიად დაუსაბუთებელია. ის ვერ გაფლანგავდა ვერანაირ თანხას ვინაიდან ეს არ იყო მის მართლზომიერ მფლობელობაში. ირაკლი კაკულია იყო „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე. არ იყო რიგითი წევრი. ის შეეწირა შიდა დაპირისპირებას გარკვეულ ჯგუფებს შორის, რომელიც დღესაც მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“. გარკვეული ჯგუფები იბრძვიან 2020- ისთვის, რომ პარტიულ სიაში მათ გაინაღდონ გარკვეული ადგილები და სწორედ ამ ჯგუფებს შეეწირა. მისი დაკავებით ვერაფერი გამოსწორდება. თვითონაც კარგად იციან რომ ირაკლის თანხა არ აქვს მითვისებული. ირაკლი კაკულიამ დანამდვილებით იცის ვინ გააკეთა და რომელმა ჯგუფმა გააკეთა ეს მის მიმართ. კომპანია იყო გარკევული პირების მფარველობის ქვეშ“ – აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ „მედიაცენტრ მთავარში“.
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ წაყენებული ბრალდება – თანხის მითვისება, გაფლანგვა და ქრთამის აღება, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომა 26 დეკემბერს ჩაინიშნა. ადვოკატი სხდომაზე შუამდგომლობების დაყენებას მოითხოვს, მათ შორის აღმკვეთ ღონისძიების შეცვლას.
შეგახსენებთ, რომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე რამდენიმე დღის უკან დააკავეს.