ვარაზისხევში ვერეს ხეობის მსგავსი სტიქიის განმეორების საფრთხე არსებობს – კომპლექსური კვლევის შედეგები

​დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის თეა გოდოლაძის განცხადებით, მდინარე ვარაზისხევის ადიდების შედეგად მის ხეობაში, შესაძლოა სტიქია ისეთივე სცენარით განვითარდეს, რაც 2015 წლის ივნისში, თბილისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაატყდა თავს.  სტიქიის მიზეზი შესაძლოა იყოს ჭარბი ნალექიც  და მიწისძვრაც.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თეა გოდოლაძემ განაცხადა, დაუშვებელია მთის მდინარეების ჯებირებში მოქცევა და მის ხეობაში მშენებლობები. ვარაზისხევის ადიდების შედეგად საფრთხე უპირველესად ექმნება ჟვანიას ქუჩას, სადაც მთაწმინდის ფერდობი უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად იჭრება და მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა მიმდინარეობს. 

​​მისივე თქმით, მდინარე ვარაზისხევის დატბორვის არეალში უკვე გაცემულია მშენებლობების ნებართვები, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების ხარჯზე კეთდება.

​ერთი ცხადად გავითავისოდ, მოსახლეობა ბუნებრივი საფრთხეების შესახებ მეტად უნდა იყოს ინფორმირებული. სამწუხაროდ ადამიანები მარტივად ივიწყებენ გადატანილ უბედურებას, ვერეს სტიქიიდან 2 წლის შემდეგ ხალხი ისევ აწარმოებს მშენებლობას მდინარეების ხეობაში. ვარაზისხევის დატბორვის არეალში გაცემულია სამშენებლო ნებართვები, ხელისუფლებამ ისევ დაუშვა მდინარის ჭალაში მშენებლობა. უნდა გამკაცრდეს რეგულაციები გეოტექნიკურ კვლევებთან დაკავშირებით. ეს არის საფუძველი რაზეც შემდგომ ინფრასტრუქტურა ფუძნდება. სწორად თუ ვერ ააგე კოსტრუქცია ის მედეგი ვერ იქნება სტიქიის მიმართ”, – განმარტავს თეა გოდოლაძე.

​მისივე თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს ჟვანიას ქუჩაზე მდინარე ვარაზისხევისთვის გაკეთებული ახალი კოლექტორი, რის შესახებაც არაერთხელ აცნობეს თბილისის მერიას.

აღსანიშნავია, რომ ​დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სპეციალისტებმა, ჟვანიას ქუჩაზე წყალმოვარდნის მოდელირება განახორციელეს. მოდელირების სცენარის მიხედვით კოლექტორიდან 1 კმ-ში ჩამოწოლილმა მეწყრულმა მასალამ კოლექტორის შეგუბება დაიწყო 6 წუთსა და 40 წამში. შეგუბებიდან დაახლოებით 5 წუთში კოლექტორის მიდამოები გაავსო და წყალმა დაიწყო გადმოსვლა. მეწყრის ჩამოწოლიდან არაუგვიანეს 15 წუთში, დაახლოებით 12-13 წუთში, პირველივე კორპუსებთან სტიქიამ დამანგრეველი სახე მიიღო რადგან კორპუსების ეზოებში დაფიქსირდა რამდენიმე მ/წმ სიჩქარით მოძრავი დაახლოებით 0.5 მეტრი სიმაღლის წყლის ნაკადი. სტიქიის დაწყებიდან 21 წუთზე ცოტა მეტ დროში წყალმოვარდნის ტალღამ ჭავჭავაძის ქუჩამდე მიაღწია. 24 წუთში ვერეს ხეობის გზის მონაკვეთი დატბორა და რამდენიმე წამში გმირთა მოედნამდეც ჩავიდა. წყალმოვარდნის ტალღას დასჭირდა დაახლოებით 30 წუთი რათა მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან – ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვარს შეერთებოდა.

მსგავსი თემები