რატომ ვერ მიიღეს დევნილთა ნაწილმა ბინები – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწყების შესასვლელში მიმდინარე აქციას ეხმაურება. 

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქციის მონაწილე იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობას ბინის მისაღებად, საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცა. ქულათა სისტემამ განსაზღვრა რიგითობა, თუ რომელი ოჯახი საჭიროებდა პირველ რიგში, საცხოვრებლით
უზრუნველყოფას.

აქციის 30-მდე მონაწილიდან შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება ორმა პირმა შეძლო, რომელთაც სამოთახიანი ბინები გადაეცემათ. საცხოვრებელი ფართების რაოდენობისა და არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ერთოთახიანი ბინები გადაეცათ ექვსი ან მეტი ქულის მქონე დევნილ ოჯახებს, ოროთახიანი ბინები – ცხრა ან მეტი, სამოთახიანი – სამი ან მეტი, ოთხოთახიანი ბინები კი – 7,5 ან მეტი ქულის მქონე დევნილ ოჯახებს.

ამ ეტაპზე, აქციის მონაწილე იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობას ბინის მისაღებად, საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა და შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი – აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა.

გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის პირველ ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ, განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით.

დარჩენილ 273 ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ბინები წლის ბოლოს განაწილდება“, – განმარტავენ დევნილთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ დევნილები თითქმის 1 თვეა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ და საცხოვრებლით დაკმაყოფლებას ითხოვენ. გუშინ კი სამინისტროსთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, ერთ-ერთმა მოშიმშილე ქალმა თვითმკვლელობა სცადა.

მსგავსი თემები