ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადებზე, წელს, ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის, 17 მედალი მოიპოვეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსწავლეთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ოლიმპიადებზე ხუთ დისციპლინაში წარადგინა. ესენია: მათემატიკა IMO 2019 (ბათი, გაერთიანებული სამეფო), ინფორმატიკა IOI 2019 (ბაქო, აზერბაიჯანი), ფიზიკა IPhO 2019 (თელავივი, ისრაელი), ქიმია, 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (პარიზი, საფრანგეთი) და ბიოლოგია IPhO 2019 (თელავივი, ისრაელი), საიდანაც მოსწავლეები 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 15 ბრინჯაოს მედლითა და ორი საპატიო სიგელით დაბრუნდნენ.
განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ ბირკაძემ, რომელმაც წელს ორ დისციპლინაში იასპარეზა და ოქროსა (ინფორმატიკა) და ვერცხლის (მათემატიკა) მედლების მფლობელი გახდა.
გარდა ამისა, ნიკოლოზ ბირკაძე წელს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამ ტიტულის მფლობელები არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს 2 მედალი აქვთ მოპოვებული, ნიკას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ჯამში – 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აქვს მიღებული. ორი ბრინჯაოს მედლის (ინფორმატიკა და მათემატიკა) მფლობელი გახდა წელს კიდევ ერთი კომაროველი – თეიმურაზ თოლორაია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო ოლიმპიადებზე. წლევანდელი შედეგი კი – ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა.
ოქროს მედლის მფლობელი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ 3000 ლარით, ვერცხლის პრიზიორები 2000 ლარით, ბრინჯაოს მედლების – 1000 ლარით, ხოლო და საპატიო სიგელის მფლობელები 700 ლარის ოდენობის ფულადი პრიზით.
წარმატებულ მოსწავლეებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა.
„ჩვენი მოსწავლეებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ, წლევანდელი წელი ყველაზე გამორჩეულია – 17 მედალი, რომელიც მათ მოიპოვეს, ისტორიულად, საქართველოს არასდროს ჰქონია. ვფიქრობ, ეს ჩვენი ნიჭიერი ბავშვების, ასევე მათი პედაგოგების დამსახურებაა.
ვამაყობთ, რომ საქართველოს ამდენი ნიჭიერი ბავშვი ჰყავს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატებაა! ჩვენი მოსწავლეებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთვის დიღომში საგანმანათლებლო ქალაქი შენდება, სადაც სამეცნიერო ლაბორატორიების განვითარებას უმნიშვნელოვანესი როლი მიენიჭება. თავისთავად, ეს მათ ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო მეტი მიღწევა ჰქონდეთ“, – განაცხადა შეხვედრისას ბატიაშვილმა.
საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადება და შემდეგ ოლიმპიადებში მონაწილეობა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.