პირს, რომელსაც “მოლოტოვის” კოქტეილი სავარაუდოდ, აქციაზე უნდა გამოეყენებინა, პატიმრობა შეეფარდა

ე.წ მოლოტოვის კოქტეილის დამზადების ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა – ამის შესახებ განცხადება, აღნიშნულ უწყებაში გაკეთდა.

შს მინისტრის მოადგილის მამუკა ჭელიძის თქმით, ჩხრეკა ჩატარდა ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც 12 ერთეული მოლოტოვის კოქტეილი და მის დასამზადებლად საჭირო ნივთები ამოიღეს. მისივე
განცხადებით, სამართალდამცველებმა გ.წ. მაშინ დააკავეს, როდესაც ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.

საქმეზე დაკავებულ გიორგი წიქარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ბრალდებულის განცხადებით, მას ნამდვილად ჰქონდა სახლში ბენზინით სავსე ბოთლები, თუმცა როგორც აღნიშნა, საწვავი სახლში იმ დროიდან აქვს, რაც ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს.

წიქარიძე აქციასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლა ხორციელდებოდა.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, საქმეში ფიგურირებს მოწმე გოჩა კოკაია, რომელიც, ოპერატიული მასალების მიხედვით, ფაქტის თანამონაწილეა.

„ოპერატორიული ინფორმაცია ასეთი სახით  არის, რომ ეს იყო ვიღაც გოჩა კოკაია და გიორგი წიქარიძე, რომელსაც ჰქონდათ საშიში ფეთქებადი ნივთიერება. სინამდვილეში გოჩა კოკაია დღეს არის მოწმის სახით და დაკავებული გვყავს მხოლოდ გიორგი წიქარიძე.

კოკაია აცხადებს, რომ უცნობი ზარი შემომივიდაო, მე უკვე მოვდიოდი აქციიდანო. მეგონა, რომ ერთ-ერთი აქტივისტი მირეკავდა, ვუპასუხე და მითხრა, გიორგი ვარ და ფეხით მიმაქვსო ეს ნივთიერებაო,“ – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გიორგი წიქარიძის დაკავება მაშინ მოხდა, როცა ის ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოყენებას გეგმავდა. პროკურორის თქმით, არსებობს აუდიომტკიცებულება და ნივთმტკიცებულებები.

„საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებები, მათი დასამზადებელი მასალა, ასევე წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლის მიხედვით, იგი ესაუბრება სხვა პირს, სადაც ჩანს დანაშაულებრივი კავშირი სხვა ადამიანთან. აღნიშნულ საუბარში ჩანს, რომ ბრალდებულს აქვს დანაშაულებრივი კავშირი და საუბრიდან ასევე ჩანს, რომ აღნიშნული ნივთები უნდა გადაეტანა სწორედ მითითებულ ადგილზე,“ – განაცხადა საქმის პროკურორმა.

წიქარიძის აყვანა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. 

აღნიშნულ საქმეზე გამოძიებამ გამოკითხვაზე დაიბარა ოპოზიციის წევრები, მათ შორის: ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და გიგი უგულავაა. არც ერთი მათგანი საგამოძიებო ორგანოში მისვლას არ აპირებს, ისინი აცხადებენ, რომ ჩვენებას მხოლოდ მაგისტრ მოსამართლეს მისცემენ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ პირს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები