მდინარეებზე, ზღვებსა თუ ტბებზე, უბედური შემთხვევების მიზეზი დაუდევრობა და ნასვამი ბანაობაა – სამაშველოს გაფრთხილება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მიმართავს და იმ მითითებების დამორჩილებას ურჩევს, რასაც მათ ბანაობამდე მაშველები აძლევენ. წყალზე სამაშველო თბილისის სამმართველოს უფროსმა ნოდარ ჭუმბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ტრაგიკული შემთხვევების მთავარი მიზეზი დაუდევრობა და ნასვამ მდგომარეობაში ბანაობაა.

„ფაქტი ჯიუტია, მოქალაქეთა დაუდევრობის გამო ხდება ფატალური შედეგები. არაერთი სიცოცხლე გადავარჩინეთ. მოქალაქეები ძირითადად არ ითვალისწინებენ მაშველების მითითებებს და ნასვამ მდგომარეობაში შედიან მდინარეებში, ტბებსა და ზღვაში. არ გვემორჩილებიან და შედიან აკრძალულ ტერიტორიებზე, იქ, სადაც არ არის შესაბამისად შემოფარგლული და გამოყოფილი საბანაო ზონა“ – განაცხადა ნოდარ ჭუმბაძემ „მედიაცენტრ მთავარი“.

მისივე ინფორმაციით, არის შემთხვევები, როცა ზღვაში ისეთი მცურავი საშუალებებით შედიან, რაც სახიფათოა.

„შედიან ისეთი მცურავი საშუალებებით, როგორიც არის გასაბერი ნავი, გასაბერი ლეიბი, რომელიც მაღალი ტემპერატურის შემთხვვევაში, წყობიდან გამოდის. ტერიტორიაზე, სადაც ბანაობა არ შეიძლება და სარისკოა, ადამიანები არ უნდა შევიდნენ თუმცა, მაინც შედიან და ბანაობენ“.

მსგავსი თემები