„ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საბოლოო ფაზაშია – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საბოლოო ფაზაშია. მისი თქმით, პარტია გადასულია დაშლის ბოლო ეტაპზე და ყველაფერი, რაც შიგნით ხდებოდა, უკვე სააშკარაოზე გამოვიდა.

„ღიმილის მომგვრელია, რა ფორმით მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესები და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს ასე იყო მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. მაშინაც ზეპირად და სახელდახელოდ მიიღებოდა გადაწყვეტილებები ერთი ადამიანის მიერ. ამდენი თვის მუშაობის, კინკლაობის და ჩხუბის შემდეგ საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, თუმცა პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან ირიცხება, ეს ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს. როგორც ჩანს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის ბოლო ფაზის მთავარი საკითხი. ამაზე მიდის მთავარი მსჯელობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები და ჩვენი საზოგადოება პოლიტიკოსებისგან ელოდება საქმეს, რეაგირებას იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც დღეს საქართველოს ინტერესებშია. „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ოფსაიდში და დაშლის საბოლოო ფაზაშია. რაც დათესეს, იმას იმკიან. რეალურად, არ ჰყავთ მომავლის ლიდერი და არ აქვთ სამომავლო გეგმა. პარტიის შიგნით მიმდინარეობს ძალაუფლების და იმ პოლიტიკური მემკვიდრეობის გადანაწილება, რომელიც დაატოვებინეს და წაართვეს მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები