მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება საქართველოშიც იქნება შესაძლებელი, – სერვისს მოქალაქეებს მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ სთავაზობს, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ტიპის კვლევების ჩასატარებლად, საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში წასვლა აღარ მოუწევთ. პრემიერი მიესალმება იმ ფაქტს, რომ „მეგალაბი“ მომავალ სპეციალისტებს პრაქტიკის გავლის საშუალებასაც აძლევს. მამუკა ბახტაძემ პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ყველას მადლობა აგდაუხადა.
„ამ პროექტს ჩვენთვის, ბევრი მიზეზის გამო აქვს დიდი მნიშვნელობა. პირველი გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მსგავსი ტიპის კვლევები და ტესტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება. რა თქმა უნდა, მას აქვს უზარმაზარი ეკონომიკური ეფექტი. რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი გადიოდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ საქართველოში არ გვქონდა შესაბამისი ინფრასტრუქურა და ამასთან ერთად აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ჩვენი ხედვის ნაწილს, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონისთვის ეკონომიკური ცენტრი. საქართველომ უნდა გაზარდოს საექსპორტო შესაძლებლობები, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით და მსგავსი ინფრასტრუქტურა ამაში ძალიან დაგვეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს დაწესებულება მიიღებს აკრედიტაციას წამყვანი ქვეყნებისგან, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ ლაბორატორიაში ჩატარებულ თითოეულ ტესტს განსაკუთრებული ვალიდურობა ექნება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ , წელიწადში 6 მილიონამდე ტესტის კვლევას განახორციელებს. ლაბორატორია უახლესი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი და მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყოფს დიაგნოსტირებას. მასში 20 მილიონი დოლარია ინვესტირებული.