“არ ველოდებით, რომ ვენეციის კომისია კლანის არსებობას აღიარებს” – კახა წიქარიშვილი

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიისგან ქართული მართლმსაჯულების სისტემაში  კლანის არსებობის აღიარებას არ მოელის.

როგორც კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა ვენეციის კომისიას გაუგზავნეს ალტერნატიული მოსაზრებები, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტმა სასამართლოში კეთილსინდისიერი კადრის შერჩევა ვერ უზრუნველყო, იმის გამო, რომ იუსტიციის საბჭო მოქცეულია არაკეთილსინდისიერი ხალხის ხელში.  

“​​ვენეციის კომისია, ეს არის ცნობილი იურისტების დაახლოებით 10-კაციანი ჯგუფი. კომისიას ჩვენ გავუგზავნეთ დასაბუთება, კლანის საქმიანობის აღწერა. ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ სასამართლოში არსებობს კლანი და ის უნდა წავიდეს. მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის გაითვალისწინებს კონტექსტს, რომელიც არსებობს სასამართლოში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მისცემს ისეთ, ფართო შესაძლებლობას, რომ სუბიექტური ნიშნით დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, რის უფლებასაც მათ დღეს აძლევს წარმოდგენილი კანონპროექტი”, – აცხადებს კახა წიქარიშვილი. 

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის წევრები ამ ეტაპზე, მოსაზრებების გამოთქმისგან თავს იკავებენ, მხოლოდ დაინტერესებულნი არიან ვითარების ანალიზით და განსხვავებული მოსაზრებების მოსმენით.

“რაიმე სიგნალი ამ ეტაპზე ვენეციის კომისიისგან მე არ მიმიღია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის დასკვნას დადებენ. შემიძლია ვივარაუდო, რომ ვენეციის კომისია მთლიანობაში იტყვის, რომ კანონპროექტი არის მისაღები, მაგრამ მათ აქვთ შენიშვნები, რაც ეხება პროცესის გამჭვირვალობას, კენჭისყრის პროცედურებს და საკვალიფიკაციო გამოცდებს, ეს შენიშვნები იქნება უფრო კონსტრუქციული ხასიათის. სავარაუდოდ პარლამენტი შენიშვნების ნაწილს გაითვალისწინებს და ნაწილს არ გაითვალისწინებს გარკვეული მოსაზრებების გამო. ვენეციის კომისიის მხრიდან რაიმე რევოლუციურ ჩარევას არ მოველი. რევოლუციური ჩარევა, რომელიც ამ სასამართლოს სჭირდება არის კლანის პრობლემა, პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც იტყვის, რომ სასამართლოში არის კლანი, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროიდან მოქმედებს. კლანის მოქმედებს ასეთი მეთოდებით და მან მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია სასამართლოში”, – აცხადებს კახა წიქარიშვილი. 

მსგავსი თემები