პარლამენტმა ცესკოზე ვეტო არასწორად დაძლია – ალექსანდრე რაქვიაშვილი

”გირჩის” წევრის,  სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, 3 ივლისს მიმდინარე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისთვის დადებული ვეტო პროცედურულად არასწორად დაძლია.

მისი თქმით, ვეტოს დაძლევას მხარი 73 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, როდესაც  საჭირო იყო 76.

,,ორშაბათს, 3 ივლისს ქართულმა ოცნებად პრეზიდენტის ვეტო დაძლია, რომელიც ცესკოს თავჯდომარის არჩევის წესს ეხებოდა. თუმცა კენჭისყრის დროს მე დავაფიქსირე, რომ უმრავლესობას დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა არ ჰყავდა.

რეგლამენტის თანახმად, კენჭისყრისთანავე მე მივმართე პარლამენტის თავჯდომარეს და მანდატურუხუცესს, რათა მომხდარიყო დეპუტატების გადათვლა და დამსწრე დეპუტატებისა და კენჭისყრაში მონაწილეთა სიის გადამოწმება.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, გადათვლა დაუყოვნებლივ უნდა განხორციელებულიყო, პარლამენტის თავჯდომარე შედმეგ საკითხზე გადავიდა ფრაზით „კარგი, ეხლა…“.

ამ ყველაფრის დამტკიცება მარტივია, ვინაიდან, არსებობს სხდომის ვიდეო ჩანაწერი (იხ. კომენტარებში). საქმის გამარტივებისთვის, მე გავაკეთე რამდენიმე სქრინშოთი. პირველი – უშუალოდ ამ საკითხზე კენჭისყრამდე და მეორე უშუალოდ კენჭისყრის შემდეგ (ორი განსხვავებული ხედია და სრულად ფარავს ქართული ოცნების მხარეს).

ფორმალურად, სიების თანახმად, ვეტოს დაძლევას 78 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 2 იყო ევროპული სოციალისტებიდან და 9 ხალხის ძალიდან (ყველა, ვინც ოპოზიციის მხარეს ზის). აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების მხარეს 67 დეპუტატი უნდა ყოფილიყო. თუ სქრინშოთებს გადახედავთ, მარტივად დარწმუნდებით, რომ რეალურად დარბაზში ოცნების 61 დეპუტატია (შეგიძლიათ ცარიელი სავარძლები დათვალოთ ან დეპუტატები). გამოდის, ვეტოს დაძლევას მხარი 73 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, როცა საჭირო იყო 76.

ამრიგად, ვეტო პროცედურულად არასწორად არის დაძლეული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევა იქვე გამოვლინდა და პროცედურების თანახმად მოთხოვნილი იყო ხმების გადათვლა.

ცხადია, ეს მთელი საარჩევნო კანონმდებლობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, რაც ნებისმიერ მომავალი არჩვენების ლეგიტიმურობას ასევე სადაოდ გახდის”, – წერს რაქვიაშვილი.

მსგავსი თემები