ჩინჩალაძეს ლამის ძეგლი დაუდგან, ეს იგივეა, სააკაძის მოედანზე შაჰ-აბასის ძეგლი იდგას – კახა წიქარიშვილი

მოსამართლეთა სადისციპლინო კომისიის ყოფილი წევრი კახა წიქარიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო, რომელიც დღეს, ლამის ძეგლს უდგამს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მიხეილ ჩინჩალაძეს, იგივეა, რომ სააკაძის მოედანზე შაჰ-აბასის ძეგლი დადგან.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კახა წიქარიშვილმა განუცხადა, სასამართლო დღეს კრიზისულ მდგომარეობაშია, იმიტომ, რომ მას მართავენ ის ადამიანები, ვინც 2012 წლამდე ორგანიზებას უწევდნენ “მილიონ ცუდ საქმეს, დღეს მართავს სასამართლოს”.

მისი მოსაზრებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, 2007 წლიდან დღემდე ყველა მოვლენა შეჯამდეს და აღიაროს, რომ სასამართლოში მოქმედებდა კლანი, რომელიც მოსამართლეებს უსიტყვო მორჩილებას აიძულებდა, ეს კლანი დღემდე მართავს სისტემას.

წიქარიშვილის თქმით, ფაქტია, რომ კლანს პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, პარლამენტმა თავისი კანონმდებლობით მას იუსტიციის საბჭო მისცა ხელში.

“აქამდე ჩინჩალაძეს ლიმიტირებული უფლებები ჰქონდა, ახლა კი ავტონომიური ბოსია, მანამდე ჩინჩალაძე შემსრულებელი იყო და თავისი ადგილი ჰქონდა. პარლამენტმა უნდა მიიღოს რეზოლუცია. ყველა მოვლენა,  რაც მოხდა 2007 წლიდან დღემდე, შეაჯამოს და თქვას, რომ სასამართლო არის კრიზისულ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც ორგანიზებას უწევდა მილიონ ცუდ საქმეს, დღეს მართავს სასამართლოს. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანების ხელით გაკეთდეს კარგი საქმე. ჩინჩალაძე იღებდა ადეიშვილის დავალებებს და თავმჯდომარეებს გადასცემდა. ორივე პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ სასამართლო იყო მორჩილებაში. ქართველები ამ დონეზე როგო დავბრმავდით, რომ ვერ გავიგეთ, ვინ არის ამ ყველაფრის ორგანიზატორი? თავისი სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს. პარლამენტმა უნდა აღიაროს, რომ სასამართლოში მოქმედებდა კლანი, რომელიც მოსამართლეებს უსიტყვო მორჩილებას აიძულებდა”, – აცხადებს კახა წიქარიშვილი. 

მსგავსი თემები