2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 372.5 მილიონი ლარი დახარჯეს – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 585.8 ათასი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 2.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. მათივე  ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 448.4 ათასი შეადგინა, რაც 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა, 49.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. საქსტატის ცნობით, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.4 პროცენტს შეადგენდა. 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა საყიდლების მიზნით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 372.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 30.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 37.0 პროცენტით შემცირდა და 830.8 ლარი შეადგინა.

წყარო: პირველი არხი

მსგავსი თემები