დაავადება, რომელსაც მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს, აპრილ-მაისში ვრცელდება – როგორ ამოვიცნოთ ყირიმ-კონგოს ცხელება?!

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება იწყება უეცრად და ახასიათებს შემდგომი სიმპტომები: თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, თვალების, სახის და კისრის მიდამოს სიწითლე, სისხლჩაქცევები (წითელი, ყავისფერი ან იასამნისფერი ლაქები კანზე), სისხლდენა ღრძილებიდან და შინაგანი ორგანოებიდან, გამონაყარი (პეტექიური, მაკულო-პაპულოზური) სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, სიყვითლე, სისხლში თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და სხვ. შესაძლოა იყოს ფარდობითი ბრადიკარდია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის – თენგიზ  ცერცვაძის განცხადებით, დიაგნოზის დადასტურება ხდება ლაბორატორიული კვლევებით (PCR ტესტი, ანტისხეულები და სხვ.). მკურნალობა მოიცავს, როგორც ანტივირუსულ მკურნალობას (რიბავირინით), ისე დამხმარე და სიმპტომურ თერაპიას.

„დაავადების პრევენცია გულისხმობს: ტკიპების საწინააღმდეგოდ პირადი პროფილაქტიკის დაცვას (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმანები); ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დამუშავებას აკარაციდებით (ტკიპების გამანადგურებლებით); კანის რეპელენტების (მწერების, ტკიპების დამაფრთხობლების) გამოყენებას; ავადმყოფი ცხოველის იზოლაციას; საქონლის დაკვლაში მონაწილეობისას ხელთათმანების გამოყენებას და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ ტკიპა ადამიანის კანიდან მოცილებული უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მალე პინცეტის მეშვეობით, ისე რომ კანში არ ჩარჩეს ტკიპის პირის ნაწილები. ტკიპის მოშორების შემდეგ ნაკბენი ადგილი და ხელები საფუძვლიანად უნდა დამუშავდეს ალკოჰოლის შემცველი ხსნარით, ან საპნითა და წყლით.

დაავადების დამძიმების და შესაბამისად, არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად  უაღრესად მნიშვნელოვანია მკურნალობის დროული დაწყება, ამიტომ პაციენტმა დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

მინდა მივმართო აგრეთვე ოჯახის ექიმებს და კლინიკებს, რომ ვინაიდან ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს მაღალი ლეტალობით, სასურველია, რომ ამ დაავადებაზე საეჭვო ყველა ავადმყოფი გადაყვანილ იქნას ინფექციური პროფილის სპეციალიზებულ რეფერალურ კლინიკაში, რომელთაც აქვთ ამ დაავადების მართვის სერიოზული გამოცდილება“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები