,,ვისაც გულწრფელად გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და ჯანსაღ განვითარებაზე, გეპატიჟებით სამუშაო ჯგუფში – სიამოვნებით მოგისმენთ”- გიორგი ამილახვარი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარს მოუსმინეს. მინისტრმა  სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ამ საკითხზე ჩვენ წლებია ვმუშაობთ. ეს პრობლემა არ არის ახალი, არ არის დამალული და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს არის ძალიან ბევრი ქვეყნის გამოწვევა, მათ შორის, უფრო მდიდარი ქვეყნებისაც“, – აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, იმისთვის, რომ მოგვარდეს კვების საკითხი სკოლებში საჭიროა ჯერ გადაიდგას სხვა რიგი ნაბიჯები.

მისი თქმით, სამინისტროებისა და უწყებების ჩართულობით შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც გამოვლენილი და იდენტიფიცირებულია ის გამოწვევები და საკითხები, რომლებზეც შეიქმნება სამოქმედო გეგმა.

მინისტრმა ოპოზიციის წარმომადგენელებს შესთავაზა სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართვა.

„ჩვენ შეგვიძლია გავმართოთ შეხვედრები, გავცვალოთ მოსაზრებები, დავხვეწოთ მოსაზრებები და ერთობლივად, ნებისმიერ თქვენგანს ოპოზიციური პარტიებიდან, ვისაც გულწრფელად გნებავთ და გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, კვებაზე და ჯანსაღ განვითარებაზე გეპატიჟებით ჩვენს სამუშაო ჯგუფში და მოგისმენთ სიამოვნებით“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

მსგავსი თემები