,,დღეს ქართველი სამხედროები კარგად მომზადებულები, აღჭურვილები და ბრძოლისუნარიანები არიან”- შალვა პაპუაშვილი

„თავდაცვის ძალების დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება, განსაკუთრებული პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი; ადამიანებისადმი, რომლებიც სიმამაცით და ღირსეულად დგანან ჩვენი სამშობლოს და ხალხის დაცვის სადარაჯოზე”,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი სამხედროები იცავენ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ძვირფასს – დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და მშვიდობას.

„უკრაინაში რუსეთის აგრესიის, უკიდურესად რთული რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად ვაცნობიერებთ ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობას. დღევანდელ დღეს ქართველი სამხედროები კარგად მომზადებულები, აღჭურვილები და ბრძოლისუნარიანები არიან. წლების განმავლობაში განვავითარეთ ნაყოფიერი თანამშრომლობა ნატოსთან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი თავდაცვის ძალებს, ზრდის მათ პროფესიონალიზმსა და თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან”,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს თავდაცვის კოდექსის განხილვა, რომლის მიზანს ქვეყნის თავდაცვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესება და შესაძლებლობების ამაღლება წარმოადგენს.

„ახალი კოდექსით, გაიზრდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის და ნატო-სთან თავსებადობის ხარისხი; ამაღლდება თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობა; მოხდება ტოტალური თავდაცვის სისტემის სრულფასოვანი დანერგვა; გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის მედეგობა; უზრუნველყოფილი იქნება თავდაცვის ძალების რაოდენობრივი, ხარისხობრივი და ინსტიტუციური მდგრადობის მაღალი ხარისხი; განხორციელდება სავალდებულო გაწვევის სისტემის ძირეული რეფორმა; მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ჩვენი სამხედროების და მათი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები