„ამ პრეპარატს შეუძლია სიმაღლეში ზრდა“ – ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიის დიაგნოზზე

ლუგარის ლაბორატორიაში აქონდროპლაზიის დიაგნოზსა და იმ პრეპარატზე მსჯელობდნენ, რომლის შემოტანასაც მშობლები სახელმწიფოსგან ითხოვენ. როგორც იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, პრეპარატს სიმაღლეში ზრდა შეუძლია, თუმცა, სხვა რა ზეგავლენას ახდენს შესწავლილი არ არის.

„ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს და მსოფლიოში არსებობს, ეყრდნობა იმ კვლევას, სადაც შესწავლილი იყო 121 ბავშვი და მათი ზეგავლენა სიმაღლეში ზრდაზე. სხვა ზეგავლენა ამ პრეპარატის, რომელიმე გართულების თავიდან აცილების ან რომელიმე სასიცოცხლო სხვა ფუნქციის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ამ კვლევის არც მიზანი ყოფილა და ეს ინფორმაციაც არ არსებობს. ერთადერთი, რაც ჩვენ ამ პრეპარატზე ვიცით, მწარმოებლის მიერ ჩატარებული კვლევაა, რაც მიუთითებს იმას, რომ ამ პრეპარატს შეუძლია სიმაღლეში ზრდის უზრუნველყოფა“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ მედიასთან.

რაც შეეხება პრეპარატის გამოყენების გვერდით მოვლენებს, ივანე ჩხაიძის განმარტებით, ამ ეტაპისთვის, სხვა ინფორმაცია არ არსებობს.

„რაც შეეხება კითხვებს, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის, რა ხდება მომდევნო წლების განმავლობაში, არის თუ არა გართულების რისკი, არის თუ არა შორს მიმავალი შედეგები შესწავლილი კვლევის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია არ არსებობს. ერთწლიან მონაცემებზე დაყრდნობით გვაქვს ჩვენ ეს ინფორმაცია. შესაბამისად, ერთი რამ ცხადია-ამ პრეპარატს არ აქვს ზეგავლენა იმ გართულებებზე, რაც ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის. ვგულისხმობ ხერხემლის დეფორმაციას, ვგულისხმობ სხვა ცვლილებებს, რომელთა ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა, ამ პრეპარატის ზეგავლენა გართულებებთან დაკავშირებით არ არსებობს“ – აცხადებს ჩხაიძე.

 

მსგავსი თემები