„არავინ იცის, რა მოხდება “ვოსორიტიდის” 2-3 წლის გამოყენების შემთხვევაში“ – ივანე ჩხაიძე

აქონდროპლაზიის დიაგნოზის სამკურნალო პრეპარატი, რომელის შემოტანასაც მშობლები თავიანთი შვილებისთვის ითხოვენ, ისევ საკამათო თემაა. როგორც ექიმები აცხადებენ, პრეპარატი პირველ წელს სიმაღლეში ზრდის, თუმცა, არავინ იცის, რა ხდება მისი გრძელვადიანად მოხმარების შემთხვევაში.

„ამ პრეპარატის შორს მიმავალი შედეგები ცნობილი არ არის. არავინ იცის, რა მოხდება 2-3 წლის გამოყენების შემთხვევაში, გრძელდება თუ არა იმავე მოცულობით ზრდა, თუ ეს არის პირველი წლის შედეგი. ძირითადი პოზიცია, რაც ქვეყნებს აქვთ, სწორედ აქედან გამომდინარეობს, არ ვიცით ამ პრეპარატის შორს მიმავალი შედეგები“ – განაცხადა პროფესორმა ივანე ჩხაიძემ მედიასთან.

მისივე შეფასებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევას საქართველო ვერ ჩაატარებს და ეს  თავად მწარმოებელმა უნდა ჩაატაროს.

„ეს არის უშუალოდ მწარმოებელი კომპანიის გადაწყვეტილება, რომელმაც უნდა ჩართოს ქვეყანა კლინიკური კვლევების სიაში. კვლევების მესამე ფაზა დასრულებულია, საუბარია იმაზე, არსებობს თუ არა რაიმე სხვა ტიპის პრეპარატი, ოღონდ ამავე დანიშნულების მქონე, სადაც შესაძლებელია საქართველო ჩაერთოს”, – აცხადებს პროფესორი.

 

მსგავსი თემები