„ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი“ – პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან  

„თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს“ – ესეც სალომე ზურაბიშვილის ანგარიშია, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტში წარადგინა. გთავაზობთ ამონარიდს პრეზიდენტის მოხსენებიდან:

„2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით და აქ დასვით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იწყება დიდი გაუგებრობა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, პირდაპირ ვიტყვი, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი თქვით ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ ძალიან არაქართული მოქცევით“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის თემაზეც ისაუბრა და საქართველოს ხელისუფლებას არჩევანი  დაუწუნა.

„უკრაინასთან მიმართებაში კი, ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა. დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა – მორალური და პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით. 25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას და დროს ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთშორისოს – მეტს არავინ არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას. ასევე, იმ დროს, როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა ბელარუსს, ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ამ დროს ბელარუსის პრეზიდენტი არ გაგვიფრთხილდა, არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და პირდაპირ უღალატა არაღიარების პრინციპს – ახია ჩვენზე!

ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობითა და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს. შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან, რომლებიც ტრადიციულად ითვლებოდნენ, როგორც ჩვენი მთავარი მხარდამჭერები. ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9 წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას, მანდატს. ამ ყველაფრის შედეგად კი 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი.

ახლა კი, არ შემიძლია არ გკითხოთ რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა?“ – აღნიშნა პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

მსგავსი თემები