,,ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ჯონ მაკკეინი”- ფრიდონ ინჯია

,,ცნობილია, რომ ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ჯონ მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგო,”- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გააგრძელებენ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და პარლამენტში შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია.

,,ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა და მათ გარეშე ვერცერთ ზემოთ ნახსენებ ქმედებას ვერ დაგეგმავდა და განახორციელებდა. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ბუშის 2005 წლის ვიზიტის შემდეგ საქართველოში.

ამერიკელებმა კარგად იცოდნენ, რომ სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვას, რუსეთის პასუხი მოყვებოდა, რაც საბოლოოდ რუსეთსაც და ევროპასაც სერიოზულ დაპირისპირებას მოუტანდა, 2008 წლის ომმა პირველად გააჩინა ბზარი ევროპასა და რუსეთს შორის, როგორც ეს ეხლა გრძელდება უკრაინის ომიდან გამომდინარე. ამერიკამ მაშინ ჩვენ და ეხლა კი მთელი ევროპა და უკრაინა გაწირა.

ასევე, ცნობილია, რომ ომის დაწყებით პერსონალურად იყო დაინტერესებული ჯონ მაკკეინი, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ააგო.

ამ ევროატლანტიკური შეთქმულების შედეგად გაიწირა ჩვენი ორი ისტორიული კუთხე – აფხაზეთი და სამაჩაბლო, დაიღუპა ასეულობით ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე და საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა 30 ათასი ადამიანი.

ის, რაც სააკაშვილმა და მისმა უცხოელმა მფარველებმა 2007-2008 წლებში გააკეთეს, სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, თუ რატომ ამოიღო სააკაშვილის რეჟიმმა 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მუხლები. სრულიად ცხადია, რომ მათ დააზღვიეს სამომავლო დანაშაულები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ქონდათ ჩასადენი. უფრო მეტი, სააკაშვილმა შეგნებულად დატოვა საქართველოს მოქალაქეობა, რის აუცილებლობა იმ პერიოდში უკრაინის პრაქტიკიდან გამომდინარე, არ არსებობდა,”- განაცხადა ინჯიამ.

 

მსგავსი თემები