,,ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არცერთ ასპექტში არ არის იმაზე უხეში, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი”- ”ხალხის ძალა”

„ხალხის ძალა“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტის ამერიკულ და რუსულ კანონებთან შედარება კატეგორიულად მიუღებელია. დეპუტატების თქმით, ამერიკული და რუსული კანონებისგან განსხვავებით, მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით.

,,თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არცერთ ასპექტში არ არის იმაზე უხეში, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი. მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, ჩვენი კანონპროექტი სრულად თავსებადია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. შემაშფოთებელია, რომ ამასთან დაკავშირებით სიცრუე რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს გააჟღერებინეს.

რაც შეეხება რუსულ კანონს და მასთან ჩვენი კანონპროექტის შედარებას – გვინდა, განვაცხადოთ, რომ ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები სრულიად შეგნებულად ეწევიან. რუსული კანონი ითვალისწინებს არა მხოლოდ უცხოელ აგენტებად რეგისტრირებული სუბიექტების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, არამედ მათთვის აწესებს მკაცრ შეზღუდვებსაც. კერძოდ, დგინდება დამატებითი ბარიერები შესაბამისი გაერთიანების რეგისტრაციისთვის, უცხოელებს ეკრძალებათ ამ გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა. ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, ექვსი თვით შეაჩეროს გაერთიანების საქმიანობა, გაერთიანებას ეკისრება დამატებითი საგადასახადო ტვირთი და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, რუსული კანონის თანახმად, უცხოელ აგენტად რეგისტრაციისთანავე, ხორციელდება სუბიექტის სავალდებულო წესით მარკირება როგორც თავად ამ სუბიექტის, ისე სხვა ორგანიზაციების, მათ შორის მედიასაშუალებების მიერ. ამ ფონზე, ჩვენი კანონპროექტის შედარება რუსულ კანონთან არის სამარცხვინო და ბინძური სპეკულაცია, რომელსაც პასუხგაუცემელს ვერ დავტოვებდით. საქართველოში მოქმედი „ენჯეოები“ ცდილობენ, ჩვენი კანონპროექტი წარმოაჩინონ ისე, თითქოს ის მიზანმიმართულად დასავლეთიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ წინააღმდეგ არის მიმართული, რაც სიცრუეა.

საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ ინტერვენციისა და სუვერენიტეტის შესუსტების მრავალმხრივი ინტერესი, საფრთხე არსებობს. ეს საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს როგორც დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან. გარდა ამისა, ის შეიძლება განხორციელდეს როგორც „ენჯეოების“, ისე სხვა გაერთიანებების გამოყენებით. ჩვენი და შესაბამისად, ჩვენი კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ დგას ამა თუ იმ გაერთიანების საქმიანობის უკან, ერთმანეთისგან გაარჩიონ საქართველოზე პოზიტიური და არაპოზიტიური გავლენის მოხდენის შემთხვევები და ამის მიხედვით ჩამოიყალიბონ საკუთარი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური პროცესების მიმართ. მხოლოდ სიმართლით აღჭურვილ ხალხის ძალას შეუძლია, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი საქართველოში უცხოური გავლენის რეალიზების ისეთი შემთხვევებისგან, რომლებიც ამ სუვერენიტეტის შერყევას ან მის მიტაცებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები