კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაიწყო

USA2GEORGIA-ს მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის განაცხადის საფუძველზე, საქმის შესწავლა დაიწყო.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება აშშ-დან, მომხმარებლების მიერ ნივთის დისტანციურად შეძენისას, ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის წესის ცვლილებას.

„განმცხადებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამზიდმა კომპანიამ USA2GEORGIA-მ მომხმარებლების გაფრთხილების გარეშე, წონის გამოთვლის წესი შეცვალა და ნაცვლად რეალური წონისა, მოცულობითი წონის გამოთვლის ფორმულა გამოიყენა, რამაც ღირებულება მკვეთრად გაზარდა.

აგრეთვე, როგორც მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ განცხადებაშია აღნიშნული, ონლაინ მაღაზიების მიერ (ამერიკის შეერთებულ შტატებში) მიტანილი ნივთები USA2GEORGIA-მ ვებ-გვერდზე დაგვიანებით ასახა, რის შედეგადაც მომხმარებელს გადაფუთვის მომსახურებით სარგებლობის უფლება შეეზღუდა. განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომხმარებლები ცვლილების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში 70-მდე განაცხადია შემოსული, 23 ქეისზე საქმის შესწავლა უკვე დაწყებულია.

კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტო საქმეს განიხილავს 1 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე და იღებს გადაწყვეტილებას, დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/ და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა გასული წლის ფინანსური ბრუნვის 2%-მდე მოცულობით“, – აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები