ნორა კვიციანი გარდაიცვალა

ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს.

„ნორიკო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, უღალატო თანამებრძოლო… ნათელში დაივანოს შენმა ლამაზმა სულმა, ღმერთთან ძალიან ახლოს!

ყოველთვის, მიწიერი განსაცდელის ჟამს… შენ მუდამ ღმერთთან ახლოს იყავი! როცა რეჟიმმა უსამართლოდ დაგაპატიმრა, უმძიმეს პირობებში ღმერთს კი არ გაემიჯნე, პატიმრობის წლები ლოცვაში გაატარე და საკანი პატარა სამლოცველოდ გადააქციე… ციხიდან გამოხვედი და, ისევ უსამართლობას ეკვეთე! უკურნებელი სენის შესახებ როცა შეიტყვე, სულით კი არ დაეცი, პირიქით – უფალს მადლობა შესწირე, კიდევ უფრო მიუახლოვდი და მონაზვნად აღიკვეცე! უამრავი, დაუთვლელი სიკეთე აკეთე სიცოცხლის მანძილზე და ყველაფერი წინ დაგხვდება, ახლა, როცა უფალს მიეახლე…

შენი სული მარადისობას შეუერთდა შენი განუწყვეტელი ლოცვის ფონზე… სიცოცხლის ბოლო წამამდე უფლის ერთგული იყავი!

მადლობელი ვარ უფლის, რომ შენნაირ ადამიანთან მეგობრობა მარგუნა, შენთან ერთად ბრძოლაში მამყოფა! დიდი იმედი და მყარი, უღალატო ბურჯი იყავი ჩემთვის, ვიცი, სიკვდილი შენთვის არაფერია, მხოლოდ ერთი სამყოფელიდან მეორეში გამგზავრებაა… მთავარია, იქ, იმ ახალ სამყოფელში – უფალთან ძალიან ახლოს იქნები – ამას შენი ამქვეყნიური ცხოვრებით იმსახურებ!

შეხვედრამდე, ნორიკო! დედა ქეთევან… ვილოცოთ ერთმანეთისთვის – მე აქედან, შენ – უკვე იქიდან..“,- წერს ზაზა დავითაია.

მსგავსი თემები