„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების თარიღზე პარტიის წევრები პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების თარიღზე პარტიის წევრები პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ამ შეხვედრაზე გადაწყდება, როდის ჩატარდება პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად შიდაპარტიული არჩევნები.

საბჭოს წევრები ასევე იმსჯელებენ თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაციაზე და ამ საკითხთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე. ასევე დღევანდელ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, ხმის მიცემის პროცესი იქნება ფარული თუ ღია.

პარტიის წევრთა ნაწილი მომხრეა ხმის მიცემის პროცესი იყოს ღია, თუმცა ამ საკითხზე საბჭოს წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. საბჭოს წევრთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საერთოდ ამ ეტაპზე შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბარი მიზანშეწონილი არ იყო.

„დღეს პოლიტიკურ საბჭოზე არ განიხილება პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, ეს არის წესები, როგორ უნდა იყოს არჩეული შემდგომ პარტიის თავმჯდომარე. მიმაჩნია, რომ ამ პოლიტიკურ ეტაპზე ნიკა მელია არის ყველაზე უფრო შესაბამისი იმ მიზნებისთვის, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ეს მიზნებია ერთის მხრივ, საგარეო პოლიტიკური კავშირები, პირადი ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მეორეს მხრივ, შიგნით, ჩვენს სხვა პარტნიორებთან ურთიერთობის და მობილიზების უნარი“,- განაცხადა „ნაციონალური პარტიის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.

კითხვაზე, გიორგი მუმლაძე რადგან პარტიის წევრი არ არის, უნდა ჩაერთოს თუ არა არჩევნებში და საბჭოს წევრების მხარდაჭერა ექნება თუ არა, წიკლაური აცხადებს, რომ „არავითარი პრობლემა არ არის, თუ ექნება მხარდაჭერა“.

„არ მიმაჩნია, რომ მუმლაძე და სხვა კანდიდატები დღეს შეძლებენ იმ გამოწვევებს უპასუხონ, რომელიც დღეს ჩვენ წინაშე არის.

დღესაც, როდესაც საბჭოს სხდომა იმართება, უპასუხისმგებლო იყო ის ნაბიჯები, ის ფორსირება, რომელიც დაიწყო ჩვენი მეგობრების ერთმა ჯგუფმა მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების და სიცოცხლის საკითხი არ იყო გადაწყვეტილი. ჩემი პოზიცია იყო, რომ მოგვეცადა, ვიდრე ეს საკითხი გადაწყდებოდა და შემდეგ მშვიდ ვითარებაში ჩაგვეტარებინა ნებისმიერი შიდაპარტიული არჩევნები. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მეგობრებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ეს შიდაპარტიული ბატალიები, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საკითხი. სხვა გამოსავალი არ იყო იმ მოთხოვნების შემდეგ, რაც მათ დააყენეს ამ რაღაც ზურგს უკან ფორსირების პროცესების. რადგან ასე მოხდა, პოლიტიკური საბჭო გაიმართება და მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორი წესით ჩატარდეს არჩევნები და მალე. ოღონდ არა ნაჩქარევად მივიღებთ თარიღის შესახებაც გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა წიკლაურმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პოლიტსაბჭოზე რაიმე საკითხზე განსხვავებულ პოზიციებზე კამათი არ იქნება. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

„ჩვენი მხრიდან, პოლიტსაბჭოზე არ გვინდა ვინმე იყოს უხერხულ მდგომარეობაში და პარტიაში იყოს, ამან ამას დაუჭირა მხარი, ამან ის მხარე მოიწონა და ასე შემდეგ. ჩვენ ასეთი დისკუსიის გახსნას პოლიტსაბჭოზე არ ვაპირებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და გეგმა, როგორ აპირებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე აი, აქ, უახლოეს დღეებში მოქმედებას. მოვუწოდებდი მას უფრო მეტი აქტიურობისკენ ხალხთან. თუ მობილიზება გვჭირდება, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ჩვენი პარტიის მხარდამჭერებთან ყოველდღიურ რეჟიმში.

ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი დისკუსიის გახსნას და არანაირ წინააღმდეგობაში შესვლას. მეტიც, ეს პოლიტსაბჭო სწრაფად უნდა დამთავრდეს, ბევრი საქმე და ბევრი სამუშაო გვაქვს ჩვენს ამომრჩეველთან“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები