,,პოდოლიაკს ვურჩევ, თავის ქვეყანას და თავს მიხედოს, თავის რიგებში ეძებოს პრორუსი აგენტები, რომლებმაც გაყიდეს უკრაინა”- ამილახვარი

,,პოდოლიაკს ვურჩევ, თავის ქვეყანას და თავის თავს მიხედოს, თავის რიგებში ეძებოს პრორუსი აგენტები, რომლებმაც დღეს გაყიდეს უკრაინა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარა განაცხადა.

ამილახვარის თქმით, მსგავსი განცხადებები არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით კონფლიქტში საქართველოს ჩათრევის მიზნით.

„სამწუხაროდ, უკვე მრავალი თვეა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, არამედ ქვეყნის გარედან, უკრაინის ხელისუფლების მაღალი ტრიბუნებიდან გვესმის ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებაზე, თითქოს რუსეთთან გარკვეულ კავშირებზე, რომ საქართველო არის სხვადასხვა უკანონო ტვირთების გადაზიდვისთვის ტრანზიტული ქვეყანა, მთავარი იერიში არის ბიძინა ივანიშვილზე და მის ვითომ კავშირებზე რუსეთის ფედერაციასთან. მინდა, საზოგადოებას გავახსენო, რომ არც ერთი ასეთი განცხადების უკან არასდროს არც ერთი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა. ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინიდან საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე საქართველოც იქნას ამ კონფლიქტში ჩათრეული, რაზეც ჩვენი მტკიცე პოზიცია იცით. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში არ გაიხსნას არანაირი ომის ახალი ფრონტი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციებს, პირველი, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და მეორე, პოდოლიაკს ვურჩევ, თავის ქვეყანას და თავის თავს მიხედოს, თავის რიგებში ეძებოს პრორუსი აგენტები, რომლებმაც დღეს გაყიდეს უკრაინა“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, „არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს”.

მსგავსი თემები