,,ოცნება“ ამყარებს იმ ვერსიას, რომ სავარაუდოდ, საქართველო რუსეთს ეხმარება”- ელენე ხოშტარია

,,მინდა წამოვადგინო საბუთები, თუ რა ტყუილი თქვა „ქართულმა ოცნებამ“, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ ვერსიას, რომ სავარაუდოდ, საქართველო რუსეთს ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომში, ”- ასე ეხმაურება პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებას.

ხოშტარიას თქმით, არსებობს დოკუმენტები, სადაც ლაპარაკია, რომ ირანული ავიაკომპანია სანქცირებულია სამხედრო ტვირთის გადაზიდვისა და ტერორიზმის ხელშეწყობის გამო.

„მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ აბსოლუტურად საგანგაშო ბრიფინგი ირანის თვითმფრინავებთან დაკავშირებით, რომელმაც გაიარა ქართული საჰაერო სივრცე და ირანის სამხედრო აეროდრომიდან ჩავიდა მოსკოვში. მინდა წამოვადგინო საბუთები, თუ რა ტყუილი თქვა „ქართულმა ოცნებამ“, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ ვერსიას, რომ სავარაუდოდ, საქართველო რუსეთს ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომში.

პირველი – „ოცნებამ“ განაცხადა, რომ კომპანია „ირან ეარი“ არ არის სანქცირებული. წარმოვადგენ OFAC-ის მიერ გამოქვეყნებულ კონკრეტულ დოკუმენტს, სადაც „ირან ეარი“ არის სანქციერებული ავიაკომპანია. მეტიც, არსებობს დოკუმენტები, რომელსაც გავუზიარებ მედიას, სადაც ლაპარაკია, რომ ისინი არიან სანქცირებული სამხედრო ტვირთის გადაზიდვისა და ტერორიზმის ხელშეწყობის გამო.

მეორე – „ქართული ოცნება“ იტყუება, რომ ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) გაცემული ნებართვა ნიშნავს იმას, რომ თვითმფრინავს არ აქვს რაიმე სახის პოლიტიკური პრობლემა. ICAO გასცემს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ ტექნიკური სახის ნებართვას, შეუძლია თუ არა თვითმფინავს ფრენა და არანაირ კავშირში ამა თუ იმ ქვეყნებში გადაფრენის ნებართვასთან ან ტვირთთან ეს არ არის. შესაბამისად, სუვერენული ქართული სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის გაატარებს თუ არა ამ საეჭვო თვითმფრინავს საკუთარ ტერიტორიაზე.

მესამე – რაშტის აეროპორტი არის სამხედრო ფუნქციის აეროპორტი. შესაბამისად, მოვითხოვთ პასუხს, თუ რა მიზეზით გავატარეთ სამხედრო აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავი.

მეოთხე – საქართველოს გააჩნია ამერიკული რადარები, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს ტვირთის მოცულობა და წონა. შესაბამისად, კატეგორიულად მოვითხოვთ, გაუზიაროთ საზოგადოებას თუ რა წონის და მოცულობის ტვირთი იყო ამ თვითმფრინავში. ეს კონკრეტული თვითმფრინავი დაფრინავდა მხოლოდ რუსეთის ან სხვა აზიური მიმართულებით. მათ არ უფრენიათ ევროპის მიმართულებით. მეტიც, ომის დაწყების შემდეგ და რაც ირანი სამხედრო თვალსაზრისით ეხმარება რუსეთს, კატასტროფულად გაიზარდა ამ ფრენების რაოდენობა. შეუძლებელია, რომ ეს ფრენები არ იყოს კავშირში იმ დრონების და ჩიპების მომარაგებასთან, რაც სჭირდება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისად, ქართული მხარე ვალდებულია გაასაჯაროვოს ამ ტვირთის მოცულობა და წონა.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ტერორისტული ირანის მხარდაჭერა და მისი სატვირთო ფუნქციის მქონე თვითმფრინავის გატარება, რომელიც არ გაატარა აზერბაიჯანმა, ქართულ საჰაერო სივრცეში, რომელზეც ყოველდღიურად იწერება სტატიები, რომ ეს უკავშირდება დრონების და სამხედრო ტექნიკის გადაზიდვას, ეს არის კატასტროფული დარტყმა ჩვენი ინტერესებისთვის. ორმაგი დატრტყმა – როგორც უკრაინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე ტერორისტული სახელმწიფოს მხარდაჭერა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

,,ირანული ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა არ არის სანქცირებული”- ლევან დავითაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები