პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პლენარულ სხდომაზე  რეგლამენტში შესატანი ცვლილებით, სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შესახებ იმსჯელეს და მხარი მესამე მოსმენით,  83  ხმით დაუჭირეს.

 „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიდან მე-12 პუნქტის შესაბამისად, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის საკითხს ეხება და სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შემოღებას ითვალისწინებს.

 აღნიშნული პუნქტი საქართველოსგან  ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვს.

 ამასთანავე, რეკომენდაციის თანახმად, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭება.

 როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, პროექტის მიღებით მოხდება სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის პროცესში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და უკანასკნელ წლებში დამკვიდრებული კარგი პრაქტიკის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა.

 მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მეორე მოსმენის შემდეგ პროექტში მცირე რედაქციული კორექტივები შევიდა.

 „ეს არის პროექტი, რომლითაც საფუძველი უჩნდება იმ საკითხის დარეგულირებას, რაც დაკავშირებულია 2022 წელს სახალხო დამცველის არჩევასთან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს  იმ პროცესის სრულფასოვნად წარმართვას, რომელიც არის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი,  ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის, რაც  შეიძლება, ფართო მხარდაჭერა. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი გადადგა საიმისოდ, რომ გახსნილიყო ყველა კარი და პროექტს ჰქონოდა მხარდაჭერა ყველა მხარისგან“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შერჩევასთან დაკავშირებით,  კონსულტაციები გაიმართება.

„მესამე მოსმენის შემდეგ დაიწყება პროცედურები, შესარჩევი იქნება 9 კაციანი ჯგუფი და ამასთან დაკავშირებით,  რეგლამენტის მიხედვით, მე, ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან პარლამენტში გავივლი კონსულტაციას. ამიტომ მნიშნელოვანია კონსტრუქციული თანამშრომლობა“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები