გახდება თუ არა სასწრაფოს გამოძახება ფასიანი?- ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციას ეხმიანება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესებას ეხება. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება არის და რჩება უფასო.

„საქართველოს ყველა მოქალაქისთვის როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ისე კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება არის და რჩება უფასო. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება წერილს, აღნიშნულ წერილში იყო შეთავაზება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომ დამატებითი არასტანდარტული მომსახურებისთვის დაუწესდეთ ტარიფი. ეს შეეხება რომელიმე კერძო, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, ასევე სხვა ღონისძიებებს, რაც შესაძლოა დასჭირდეთ სადაზღვევო კომპანიებს“ , – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები