იანვარ-ივნისში საქართველოში დაახლოებით 240 000 რუსი ტურისტი შემოვიდა- კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” კვლევას „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ აქვეყნებს, საიდანაც დგინდება, რომ რუსეთ-უკრიანის ომის შემდეგ გაზრდილია რუსული საქონლის იმპორტი, ფულადი გზავნილები, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემები.

კვლევის თანახმად,  2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი 36%-ით აჭარბებს.

„გაიზარდა რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, დაახლოებით 240 000 ადამიანი შემოვიდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც არის სერიოზული ზრდა წინა წლებთან შედარებით. საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13,500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა; მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. ხშირ შემთხვევაში ეს რეგისტრაციები ხდება ფიქტიურ მისამართებზე, მაგალითად აბაშაში, სოფელ ქოლობანში ბოლო 3 თვეში დარეგისტრირდა 108 რუსული კომპანია, ადიგენის სოფლებში კი 600 რუსული კომპანია“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამასთან, 2022 წლის აპრილ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 6.5-ჯერ გაიზარდა და 678 მლნ დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს. 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

მსგავსი თემები