რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” კვლევას „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ აქვეყნებს, საიდანაც დგინდება, რომ რუსეთ-უკრიანის ომის პირობებში  საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება.

2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი 36%-ით აჭარბებს.

„კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: მიმდინარე წლის მარტი-ივნისში საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა – საქართველოში სულ 13,500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა;

მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;

2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტი გამოირჩევა, რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო;

2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია;

ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავი) იმპორტი გაიზარდა – 280%-ით (118 მლნ აშშ დოლარით). ელექტროენერგიის იმპორტი 4-ჯერ (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა;

2022 წლის იანვარ-ივნისში რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 95% იყო;

2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, თუმცა 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეს 3-ჯერ ნაკლებია;

2022 წლის აპრილ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 6.5-ჯერ გაიზარდა და 678 მლნ დოლარი შეადგინა“, – ნათქვამია კველევაში.

მსგავსი თემები