,,ევროკომისიის მოთხოვნაა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, დღევანდელი აქცია არ მაძლევს საფუძველს, ამ მიმართულებით წარმატებაზე ვილაპარაკოთ”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია გარკვეულ საკითხებზე. მისი თქმით, დღევანდელი აქცია და მისი შინაარსი არ იძლევა საფუძველს, რომ ამ მიმართულებით წარმატებაზე ისაუბროს.

,,რასაკვირველია, ევროკომისიამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ საგანგებო ვითარების გამო, რომელიც უკრაინის მიმართ განხორციელებული გაუგონარი აგრესიის ფონზეა შექმნილი, მაგრამ იმაზე, საუბარი, რომ უკრაინის უბედურების ფონზე ფანჯარა გაიხსნა და არიქა, ამ ფანჯარაში უნდა შევიდეთ ისე, რომ პოლიტიკური ცხოვრება არ იყოს ნორმალურ ჩარჩოში ჩასმული, რასაკვირველია, ეს ადამიანების შეცდომაში შემყვანია. ნებისმიერ საკითხზე ყველას მიმართ ერთნაირი მოთხოვნებია, განსხვავება ის არის, რაც უკრაინაში და უკრაინის გამო მეზობელ მოლდოვაში ხდება. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია გარკვეულ საკითხებზე.

დღევანდელი აქცია და მისი შინაარსი, კომენტარები მზადების პერიოდი იმის საფუძველს არ მაძლევს, რომ ამ მიმართულებით წარმატებაზე ვილაპარაკოთ. განცხადებები, რომ “პირობები არ შესრულდება და მათთვის დეოლიგარქიზაცია მიუღებელია”, ეს არის თაღლითური, იმის გასამართლებლად, თუ რატომ არის პოლიტიკური ნიშნით ჩამოყალიბებული, დაგეგმილი ეს აქცია, რაც მათი მიზნით, დესტაბილიზაციაში უნდა გადაიზარდოს. რასაკვირველია, აქციაზე უამრავი ხალხი მივა, ვინც ასე არ ფიქრობს და გულწრფელი დამოკიდებულება აქვს, რათა ევროპას საზოგადოების ერთიანობა დაანახოს, მაგრამ გამოკითხვაც იგივეს აჩვენებს, საზოგადოების 85 პროცენტი ევროინტეგრაციის სწრაფი ტემპით განვითარების მომხრეა. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ 85 პროცენტიდან უმეტესობა “ქართული ოცნების” ამომრჩეველს ეკუთვნის. თაღლითობა სწორედ იმაშია, თითქოს, “ქართული ოცნება” არის ისეთი წარმონაქმნი, რომელიც მოწყდა საზოგადოების პოზიციებს, რაც აბსოლუტურად არათუ სწორია, არამედ უზნეო თაღლითური ტყუილია, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსატყუებლად არის მოგონილი”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები