,,კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან”- ირაკლი კობახიძე

,,კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ ქვეყანა არც ერთს არ უნდა გადავაყოლოთ,”’- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის ე.წ. ანტიევროპულ რიტორიკაზე საუბრის, არავითარი საფუძველი არა აქვს.

,,სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ისაუბრა მმართველი პარტიისა და საქართველოს მთავრობის ე.წ. ანტიევროპულ რიტორიკაზე, რასაც არავითარი საფუძველი არა აქვს. ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს არაა ევროპა და აქამდე გვეგონა, რომ ანტიევროპულ რიტორიკად მათი კრიტიკის გამოცხადება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას შეეძლო. თუმცა, ამ შემთხვევაში, მსგავსი, ადეკვატურობას მოკლებული განცხადება სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ,”- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ირიბი სანქცირების თემის დაკნინება გაუგებარია.

,,საინტერესოა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუცია გუშინ უმწვავესად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასში გვხვდება როგორც ფაქტობრივი უზუსტობები, ისე დაუსაბუთებელი ბრალდებები. გაუგებარია, რატომ უწოდებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენს სამართლიან კრიტიკას ანტიევროპულ რიტორიკას, როდესაც ევროპარლამენტს თავად ასეთ უმძიმეს ბრალდებებს უყენებს.

სალომე ზურაბიშვილმა აბსურდი უწოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ამგვარი განცხადება პირველად არა მმართველმა პარტიამ, არამედ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გააკეთა. როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს და ამ სანქციებით მას ვერავინ შეაშინებს, ეს რას ნიშნავს, საზოგადოებას კარგად ესმის და წესით, სალომე ზურაბიშვილსაც კარგად უნდა ესმოდეს. ამ ფონზე, რატომ ცდილობს ის ირიბი სანქციების თემის დაკნინებას, გაუგებარია და ამაზე მსჯელობაც საზოგადოებისთვის მიგვინდია.

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ ქვეყანა არც ერთს არ უნდა გადავაყოლოთ, ეს არის ციტატა.  არა გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადება მისი სამარცხვინო შინაარსის დაგვიანებით გაცნობიერების გამო გადააკეთა. როგორც ჩანს, მან, ნახა რა საზოგადოების განწყობა და უმძიმესი რეაქციები, მიხვდა, რომ ამ განცხადების უკიდურესი უსამართლობა და უმადურობა მის იმიჯს მძიმედ დააზიანებდა და უკან დახევა ამიტომ მოუწია,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები