„ნიკა მელიამ ისიც თქვა, რომ არ დაიჭერდნენ და დაიჭირეს, ვის რა პირობას უყენებს მელია, ნაკლებად საინტერესოა”- ირაკლი ჩიქოვანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ აქციას ეხმიანება. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულია ქვეყნის საბოტაჟით და ნებისმიერი პროცესი, რომელში ოპოზიციური პარტია იქნება ჩართული, ექნება დესტრუქციული საფუძველი.

„ნიკა მელიამ ისიც თქვა, რომ არ დაიჭერდნენ და დაიჭირეს, არ გადავიხდიო და გადაიხადა. ვის რა პირობას უყენებს ნიკა მელია, ეს ნაკლებად საინტერესოა. ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პრაქტიკულად არ არსებობს საზღვარი, საზღვრები არის გადღაბნილი. ეს არის ობიექტური რეალობა. აქციის ჩატარება ყველას შეუძლია. „ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკავებულია ქვეყნის საბოტაჟით, ეს დაიწყო მაშინ, როცა ე.წ. საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს და ძირს უთხრიდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. მოლოდინი მაქვს, რომ პროცესი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ჩართული, მას ექნება გარკვეული დესტრუქციული საბაბი და საფუძველი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები