,,ჩვენ მოვახდინეთ ევროპული საზოგადოებისთვის იმ სურვილის მიწოდება, რომელიც ჩვენს ხალხს გააჩნია”- ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ  ALDE-ს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომ  ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის მიღებული რეზოლუციით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროპული საზოგადოებისთვის იმ სურვილის მიწოდება შეძლეს, რომელიც ქართველ ხალხს გააჩნია.

„ალდეს და მისი წევრების სრული მხარდაჭერა არის დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ მოვახდინეთ ევროპული საზოგადოებისთვის იმ სურვილის მიწოდება, რომელიც ჩვენს ხალხს გააჩნია. ვერცერთი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს, რომ მოსახლეობის 80% უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ამ შემთხვევაში „ალდემ“ მიიღო ის რეზოლუცია, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ივნისის 22-ში დანიშნულ შეხვედრაზე მივიღოთ დადებითი შედეგი – იგივე სტატუსი, რასაც მიიღებს უკრაინა. რა თქმა უნდა, ის ზიანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყოველდღე აყენებს ჩვენს ქვეყანას და ხალხის მისწრაფებებს ძალიან დიდია, მაგრამ უნდა შევეცადოთ მსგავსი ნაბიჯებით მოვახერხოთ ამ ზიანის და რისკების შემცირება. თავისი მხარდამჭერი, პარტნიორი ჯგუფისგანაც კი ვერ მოახერხეს ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, წარმოიდგინეთ, რა რეპუტაცია აქვს „ქართულ ოცნებას“ ევროპაში. ჩვენი ამოცანაა დარჩენილ პერიოდში მაქსიმალურად მოვახდინოთ მოქალაქეების ინფორმირება, თუ რა სიკეთეს მოიტანს ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაწევრიანება“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები