„დამნაშავეებმა უნდა გადაიხადონ, ჩინეთმა მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ბუჩაში ჩადენილი სისასტიკისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. „ბუჩას მოვლენების შემდეგ, როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი და დასძენს, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს პუტინზე და რუსეთის მთავრობაზე ზეწოლა.

„ევროპელი გადამხდელების ფული არ უნდა მიედინებოდეს რუსეთში არანაირი ფორმით. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრები სანქციების მიმართ, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები სანქციების მიმართ. ეტაპობრივად უნდა გავამკაცროთ ჩვენი სანქციები.  სანქციები  აზარალებს რუსეთს უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ. ეს  არ იქნება ჩვენი ბოლო სანქციები. დიახ, ჩვენ ახლა ავკრძალავთ ქვანახშირის იმპორტს, თუმცა ახლა უნდა განვიხილოთ ნავთობის საკითხი. 40-ზე მეტი ქვეყანა აწესებს ამგვარ სანქციებს და ჩვენ ველოდებით სხვებისგან, რომ პატივი სცენ ამ სანქციებს, სულ მცირე, გვერდი არ აუარონ და არ გამოუთხარონ მათ ძირი“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში.

მისი თქმით, როგორც  გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ჩინეთს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება.

„არავინ შეიძლება იყოს ნეიტრალური, როდესაც სახეზეა ასეთი ღია აგრესია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. რუსეთის მიერ გაჩაღებული ეს ომი ევროპით არ შემოიფარგლება.  ჩინეთმა ასევე უნდა დაიკავოს მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში.

 

მსგავსი თემები