ახალი წლის ღამით ტრანსპორტი უფასო იქნება – საახალწლო გარევაჭრობის ადგილები თბილისში 

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს, ახალი წლის ღამით, უფასოდ მოემსახურება. 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, მეტროპოლიტენი და ავტობუსი, ხოლო 03:00 საათამდე​საბაგირო, უფასო იქნება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, N 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი, ძირითადად, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ისინი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანენ.

დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ახალი წლის ღამეს გარევაჭრობა დედაქალაქის 20-ამდე ადგილზე იქნება ნებადართული და თბილისის ათივე რაიონში გამოიყოფა კონკრეტული ლოკაციები, სადაც მოქალაქეებს საახალწლოდ თავიანთი პროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.

გარევაჭრობისათვის ნებადართული ადგილებია:
გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა;
მუხიანში, ნოდარ დუმბაძის გამზირი, II მ/რ;
ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურების „ღრმაღელესა“ და  „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიები; დიდუბეში, „დინამოს“ ბაზის მიმდებარედ, პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების კვეთა; მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის ქუჩა; დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები;
ვაკე – მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორია; მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორია;
​საბურთალო – ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ, შარტავას ქუჩა.

მსგავსი თემები