2012 წელი მეორდება, ქვეყანა წარსულში არ უნდა დაბრუნდეს – იურისტი ირმა კახიძე 

იურისტთა უმაღლესი სკოლის დირექტორის და ყოფილი პოლიტპატიმრის ირმა კახიძის თქმით, წინა ხელისუფლების რეჟიმი მასაც შეეხო, ამიტომ მიაჩნია, რომ ქვეყანა წარსულში არ უნდა დაბრუნდეს და ამომრჩეველს მოუწოდებს არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცენ ქვეყნის ევროპულ მომავალს.

​როგორც ირმა კახიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს იყო შემთხვევები, როცა ადამიანებს იბარებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თავიანთი ქონება უნდა ეჩუქებინათ მათთვის და თუ ამას არ აკეთებდი იყავი მათი ოპონენტი.

„როგორც იურისტმა შემიძლია ვთქვა რომ, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს სასამართლო  არ იყო დამოუკიდებელი. მოსამართლეები ვერ იღებდნენ გამამართლებელ განაჩენს, რადგან პროკურატურა თუ იტყოდა რომ დამნაშავეა ვერ ეწინააღმდეგებოდნენ მას. დღეს არის შეჯიბრობითის პრინციპი და ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი“, – განაცხადა ირმა კახიძემ.

მისი თქმით დღეს მეორდება 2012 წელი, რადგან ასპარეზზე ისევ ორი პოლიტიკური ძალაა.

„მე შემიძლია ვთქვა რომ 2012 წელი მეორდება, რადგან სწორედ ის ორი ძალაა ასპარეზზე, რომელიც იყო 2012 წელს, ანუ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. ქვეყნის სტაბილურობიდან გამომდინარე თითოეულმა ჩვენგანმა სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. დღეს ჩვენს ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და სამართლებრივადაც პრობლემებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარსულში დავბრუნდეთ. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და უნდა გავაკეთოთ ალტერნატივა მნიშვნელოვანსა და ყოველდღიურ არჩევანს შორის“, – აცხადებს ირმა კახიძე.

მისივე თქმით, ორგანიზაცია ,,კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ასოციაცია“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში  საარჩევნო პროცესს მცხეთის რაიონში აკვირდებოდა და მიაჩნია, რომ დარღვევები არ გამოვლენილა. დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას მეორე ტურშიც გეგმავენ.

ირმა კახიძის შეფასებით, დღევანდელი დღის ანალიზიდან გამომდინარე, არჩევნების მეორე ტური ბევრად უფრო დაძაბული იქნება. “ქვეყნის სტაბილურობიდან გამომდინარე, აუცილებელია არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიაროს”, – ამბობს იგი.

მსგავსი თემები