ვცხოვრობთ ერთად, პატივს ვცემთ ერთმანეთს – სალომე ზურაბიშვილი ეთნიკურ უმცირესობებზე 

საქართველოს პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ ტოლერანტობა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა, თუმცა გარკვეული ჯგუფები ამ ერთიანობის დარღვევას ცდილობენ, რასაც ვერ შეძლებენ.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ შეხვედრაზე განაცხადა, ტოლერანტობის ის გამოცდილება, რაც საქართველოში არსებობს, როცა სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთმანეთთან თანაცხოვრობენ და ერთმანეთს პატივის სცემენ, მთელს მსოფლიოში გამონაკლისი იშვიათობაა. საქართველომ კი ეს საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა.

„სულ ვფიქრობთ, რას ველოდოთ, რას მოგვცემს ეს მთავრობა, ევროპა ან ამერიკა. ხელგაშლილი ვდგავართ და ველოდებით, თან ვამბობთ, რა გვეშველება. მოვდივარ, რომ გითხრათ და ერთად ვთქვათ, რომ გვეშველება, ვუშველით ჩვენს თავს და არამხოლოდ ვუშველით, არამედ ჩვენ ევროპაშიც გვაქვს სათქმელი. იქ გვაქვს ტოლერანტობა, რაც არსებობს ამ ქვეყანაში. ჩემთან მოვიდა ჯერ აზერბაიჯანელი ქალების წარმომადგენელი, შემდეგ სომეხი ქალი. ჩვენ ვცხოვრობთ ერთად და გვაქვს ერთმანეთის პატივისცემა. ეს მსოფლიოში და თუნდაც ევროპაში რაღაც გამონაკლისი იშვიათობა გახდა, მაგრამ ჩვენ ეს საუკუნეების მანძილზე შევინარჩუნეთ. თუმცა ვიღაცები ცდილობენ ეს ერთიანობა დაარღვიონ, თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ეს მხოლოდ მტერს თუ სურს. ჩვენ ვართ ძლიერი ქალები, ვართ ძლიერი ქვეყანა, რადგან ერთად ვართ. თქვენ ჩემთან ერთად იქნებით საქართველოს ქალი პრეზიდენტები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები