“ქართულ ოცნებას” გამარჯვების შანსი აქვს, თუმცა ბრძოლა კიდევ უფრო რთული იქნება – აგიტ მირზოევი 

​ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ აგიტ მირზოევის აზრით, მმართველ პარტიას აქვს შანსი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, თუმცა ბრძოლა იქნება კიდევ უფრო რთული, ვიდრე პირველ ტურში იყო.

როგორც აგიტ მირზოევმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ამომრჩეველზე ნეგატიურად იმოქმედა იმ ფაქტორმა, რომ “ქართული ოცნების” პარტიულ აქტივში დაბნეულობა იყო. რეგიონული ორგანიზაციების ლიდერებთან ჰქონდათ ცუდი კომუნიკაცია, არ არსებობს გადამოწმების მექანიზმი.

მირზოევის აზრით, “ქართულმა ოცნებამ” 28 ოქტომბრის არჩევნებზე ფსონი დადო ერთგულ ადამიანებზე და ნაკლებად პროფესიონალებზე, რომლებმაც იციან არჩევნების ტექნოლოგიები.

“ეს არის ქართული ფენომენი, რომელსაც ვერ მოვუღეთ ბოლო. ამა თუ იმ რეგიონში, ამა თუ იმ პარტიის ლიდერი ჩამოდის. მოუწყობენ შეხვედრებს. დაჰპირდებიან 2000, 5000 კაცს და შეხვედრაზე 200 ადამიანს ძლივს კრიბავენ. მერე უხსნიან, რომ ხალხი მინდორში მუშაობს, აქვთ მეურნეობები, მაგრამ არჩევნებზე აუცილებლად მოვლენ და ხმას თქვენ მოგცემენო, – აძლევენ გარანტიას. რის გარანტორებიც არიან “ქართულმა ოცნებამ” დაინახა. “ნაციონალური მოძრაობას” აქვს სტრატეგია და მიჰყვება ამ სტრატეგიას, მათთვის გამარჯვება უფრო ადვილი იყო ადამიანური და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით. გარდა ამისა, “ნაციონალური მოძრაობა” თავის მხარდამჭერებს “ქართული ოცნების” შეცდომებზე კრეფს”, – აცხადებს აგიტ მირზოევი.

მისივე შეფასებით, 2012 წლის არჩევნებზე ხალხმა ბიძინა ივანიშვილს მისცა ხმა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, დღეს “ქართული ოცნების” ამომრჩეველს სხვა მოთხოვნები აქვს.

“2012 წლის არჩევნების შემდეგ აღარ გვაქვს საჭიროება იმისა რომ დავყოთ საზოგადოება ეთნიკურ უმცირესობებად. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ავტორიტეტულ ადამიანებთან იმუშავა “ქართულმა ოცნებამ”. ეთნიკურად არაქართული მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში დიდად არაფერი იცვლება, მხოლოდ კლანები იცვლება ხელისუფლებების მიხედვით”, – განაცხადა მირზოევმა “მთავარში“.

მისივე თქმი, არჩევნების პირველი ტური “ნაციონალური მოძრაობისთვის” ერთგვარი ტესტი იყო, რომელშიც საინტერესო მაჩვენებელი დადეს. მეორე ტურისთვის ისინი სრულ რესურსს დახარჯავენ.  მათ საპრეზიდენტო არჩევნები საკუთარ ველზე გადაიტანეს და გარკვეული შედეგები დაანახეს საკუთარ ამომრჩეველს.

 

მსგავსი თემები